ეკონომიკა
09/07/2021

გიორგი კაკაურიძე: ივნისშიც, სავარაუდოდ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვარაუდობს, რომ ივნისშიც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება.

როგორც მან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ, საბაზისო სცენარით წლის ბოლოს 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, ოპტიმისტური სცენარით კი, ეკონომიკური ზრდა 10%-ს გადააჭარბებს.

“რამდენიმე სცენარი გვაქვს წარმოდგენილი. საბაზისო სცენარი, რაზეც დაფუძნებულია ბიუჯეტის როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვითი ნაწილი, მიმდინარე წლის ბოლომდე 7.7%-იანი ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს. ეს აუმჯობესებს ჩვენს ფისკალურ პარამეტრებს, რაც საკმაოდ მძმე იყო. დეფიციტი და ვალი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე გვაქვს. საბაზისო სცენარის გარდა წარმოდგენილია, როგორც პესიმისტური, ისე ოპტიმისტური სცენარი. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა 10%-ს აჭარბებს და ამ შემთხვევაში ფისკალური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესებული გვექნება. დეიფიცის დაახლოებით 6.2%-ზე ჩამოსვლა იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოპტიმისტური სცენარის განვითარების მოლოდინი მაღალია.

“ივნისშიც სავარაუდოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, თუმცა,  თვის ბოლომდე რთული იქნება ზუსტი თქმა. მაგრამ გადასახადების ნაწილში დინამიკას რასაც ვუყურებთ, საკმაოდ კარგი ტემპით მოდის და შესაძლებელია ითქვას, რომ ორნიშნა მაჩვენებელის მიღწევა ისევ შესაძლებელი იქნება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე ორნიშნა მაჩვენებელი მივიღოთ და გავითარდეს ოპტიმისტური სცენარი“,- აცხადებს გიორგი კაკაურიძე.  

ინფორმაციისთვის, აპრილში 45%-მდე ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაისში კი, 25.8%-იანი.