ეკონომიკა
09/11/2021

გიორგი კაკაურიძე: ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 9 თვის მონაცემებით ქვეყანაში 11.3%-იანი ეკონომიკური ზრდაა. წლის ბოლოს კი, 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. 

"წელს კარგი ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიდის. სტატისტიკის სამსახურმა 9 თვის მონაცემები გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში სამწუხაროდ ისევ კლება იყო, 4.5%-ით, მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი ზრდა იყო - 29.9%, მესამე კვარტალში 9% ეკონომიკური ზრდა გვაქვს. 9 თვის ჯამური  მაჩვენებელი 11.3%-ს შეადგენს. განახლებული პროგნოზით, წელს მოსალოდნელია 10%-იანი ეკონომიკური ზრდა", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

მისი თქმით, პანდემიამ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ფასებზე უარყოფითად იმოქმედა.  

"ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 12.3% შეადგინა ინფლაციის მაჩვენებელმა სექტემბრის ბოლოს, წინა წლის სექტემბერთან შედარებით. საშუალო წლიური ინფლაცია 7.1%-ს შეადგენს", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე. 

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საგარეო სექტორში აღდგენა კარგი ტემპით მიმდინარეობს.  

"გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 22.3%-ია საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ზრდა. 10 მლრდ დოლარს გადააჭარბა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, აქედან ექსპორტი შეადგენს 2.981 მლრდ დოლარს, რაც არის 24%-ით მეტი წინა წელთან შედარებით. ხოლო, იმპორტის ნაწილში გვაქვს 7.28 მლრდ დოლარი, რაც 21.6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. გასულ წელს საკმაოდ დიდი ჩავარდნა იყო იმპორტში უფრო მეტად, ექსპორტში ნაკლებად, თუმცა აღდგენის პროცესი აშკარად ჩანს, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მიმართულებით", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

რაც შეეხება ტურიზმს, გიორგი კაკაურიძის თქმით, ამ სექტორში ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია. 

"გასულ წელს ჯამში, 1.6 მილიონამდე ვიზიტორი იყო, წელს 1.3 მლნ ვიზიტორია, რაც 18.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ფულად გამოსახულებაში ტურიზმიდან მიღებული თანხები გაზრდილია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 865 მლნ დოლატს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 366 მლნ დოლარით მეტია. ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში 73%-იანი ზრდაა, ეს გვაძლევს იმედს, რომ მომავალ წელს ტურიზმის აღდგენა კიდევ უფრო მაღალი ტემპით მოხდება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვას წარადგენს.