ეკონომიკა
21/07/2020

გიორგი ღაღანიძე: ქართული ექსპორტიორი საწარმოებისთვის უსაფრთხოების ბალიში უნდა შეიქმნას

სპეციალისტები მომდევნო თვეებში საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლების შემცირებას ელოდებიან. განმარტავენ, რომ ექსპორტის წახალისების მიზნით გარკვეული ფონდი უნდა შეიქმნას, რომელიც ქართულ სტრატეგიულ საწარმოებზე იქნება ორიენტირებული. თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ღაღანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ამ მიმართულებაზე მსჯელობა უკვე იყო, შეხვედრაში კი ეკონომიკის მინისტრიც მონაწილეობდა.

"ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრა ჩატარდა. ერთ-ერთი მთავარი თემა შემდეგი იყო - მიზანშეწონილი იქნება, შეიქმნას ფონდი, რომელიც ქართულ სტრატეგიულ საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ ექსპორტს, შეუქმნიან უსაფრთხოების ბალიშს. არ იქნება რეალისტური იმის მოლოდინი, რომ აგვისტოდან, სექტემბრიდან ან ოქტომბრიდან მდგომარეობა გამოსწორდება. ეკონომიკა ინერციულია და ეს ინერცია გრძელდება. დარტყმის სიმძიმე კი ამ თვეებზეა გადანაწილებული. აქედან გამომდინარე, აღდგენაც ინერციული იქნება. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ ჯერ კიდევ წინ გვაქვს მძიმე ზაფხული. ტურიზმის სფეროში ჩავარდნაა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ტურიზმი ფარული ექსპორტია. ესეც გარკვეულ ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენი ტრადიციული საექსპორტო კომპანიები საკმაოდ ძლიერები არიან, მაგრამ მათ სიმტკიცესაც აქვს ზღვარი. შესაძლებელია დახმარების სხვადასხვანაირი ვარიანტი. შეიძლება გადასახადების გადახდა შევუჩეროთ რაღაც პერიოდის განვლობაში, ან შევთავაზოთ რაიმე სხვა. თანაც, ბეწვის ხიდზე მოგვიწევს გავლა, რადგან ექსპორტ ორიენტირებული საწარმოების დახმარება მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ არ ჩაგვითვალოს ექსპორტის ღია, ან ფარულ სუბსიდირებაში. საბოლოო ჯამში, ვინაიდან ღია ეკონომიკა გვაქვს, იმაზე ვიქნებით დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობა იქნება ჩვენს გასაღების ბაზრებზე“,- აღნიშნა ღაღანიძემ.