ეკონომიკა
20/05/2021

გამორჩეული მაჩვენებელი - აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

აპრილში საქართველოდან ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ერთ-ერთი გამორჩეული თვეა ზრდის მაჩვენებლით. ზრდაა არა მხოლოდ პანდემიურ, 2020 წლის აპრილთან შედარებით, არამედ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან.

აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა და 378,07 მლნ დოლარს გადააჭარბა, ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2019 წლის დეკემბრის გამოკლებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - 2019 წლის დეკემბერში ექსპორტი 395,95 მლნ დოლარს აღემატება.

მთლიანობაში, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი წლიურ ჭრილში 19.6%-ით გაიზარდა და 1.198 მლრდ დოლარს აღემატება.

იანვარში ექსპორტის ჯერ კიდევ 16.2%-იანი კლება ჰქონდა საქართველო და საექსპორტო ბაზრებზე 224.443 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა. თებერვალში მინუსებმა პლუსში გადაინაცვლა და 2.9%-იანი ზრდით ექსპორტის მაჩვენებელმა 270,276 მლნ დოლარს მიაღწია. მარტში ქართულ პროდუქციაზე მოტხოვნა 30.6%-ით გაიზარდა და 326 მლნ დოლარს მიაღწია.

2021 წლის იანვარ-აპრილში 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია: ჩინეთი (198.7 მლნ დოლარი), რუსეთი (159.6 მლნ დოლარი) და აზერბაჯანი (152.2 მლნ. დოლარი).

2021 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 264.1 მლნ. დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 125.4 მლნ. დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 10.5%-ია, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 111.4 მლნ. დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 9.3%-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში სულ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3.928 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8%-ით მეტია.

იმპორტი 10.1%-ით გაიზარდა და 2.73 მლრდ დოლარი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 1.531 მლრდ დოლარი, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39%-ია.

2021 წლის იანვარ-აპრილში 10 უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (490.5 მლნ. დოლარი), რუსეთი (316.6 მლნ. დოლარი) და ჩინეთი (227.0 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 % შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (594.9 მლნ. დოლარი), რუსეთი (476.2 მლნ. დოლარი) და ჩინეთი (425.6 მლნ. დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 244.6 მლნ. დოლარი და მთელი იმპორტის 9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 196.7 მლნ. დოლარით, რაც მთელი იმპორტის 7.2%-ს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და  კონცენტრატები 190.5 მლნ. დოლარით, რომელიც მთელი იმპორტის 7%-ია.