"ეკონომიკური ზრდის პირობებში მარტივად დავარეგულირებთ ფასებს და შევებრძოლებით სიღარიბეს"
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით როდესაც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ, პარალელურად ცხადდება, რომ არის პრობლემები.
"როდესაც ვამბობთ, რომ გვაქვს ეკონომიკის ზრდა და გაჯანსაღება, ეს რეალურად არის აღდგენა, რადგან 2020 იყო ძალიან მძიმე წელი და ახლა ეს ზრდა ემსახურება იმ ნეგატივის განეიტრალებას, რაც პანდემიამ მოიტანა. რა თქმა უნდა ეს არ არის ჩვეულებრივი ზრდა, ეს არის ზრდა, რომელიც წინა არსებულ ნეგატივს ანეიტრალებს და ამსუბუქებს. თუმცა, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ სიღარიბე აღმოიფხრვას. პირველი გამოწვევა არის ინფლაცია და ფასები, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე. წინა პერიოდში ფასების ზრდა არ იყო მოსახლეობისთვის პირველი პრობლემა, ბოლო 10 წელი ინფლაცია 3%-4%-ზე მეტი არ ყოფილა, ერთადერთი განსხვავება რაც 2020-2021-ში არის, ეს არის პანდემია, რამაც მსოფლიოში გამოიწვია ფასების ზრდა, ცხადია საქართველოშიც", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, ინფლაციის "მოსათოკად" მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა.
მინისტრის განცხადებით, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსი სტაბილურია.
"ეს დადებითად განგვასხვავებს სხვა ქვეყნებისგან, სადაც ინფლაციაც არის და ეროვნული ვალუტაც დევალვირებს. ჩვენთან ეს ნეგატიური ფაქტორი არ არის.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ამას მე კი არ ვაცხადებ, ეს არის დამოუკიდებელი, უტყუარი სტატისტიკა. ამას როდესაც ვამბობთ, ეს არ არის იმის მცდელობა, რომ არ ვისაუბროთ პრობლემებზე, პირიქით, გვაქვს ზრდა, მაგრამ გვაქვს პრობლემები. ზრდის პირობებში უფრო მარტივად გადავლახავთ პრობლემებს, მარტივად დავარეგულირებთ ფასებს და შევებრძოლებით სიღარიბეს. რომ არ გვქონოდა ზრდა, პრობლემა მეტი იქნებოდა", - აცხადებს ნათია თურნავა.