ეკონომიკა
15/09/2020

DCFTA-ს გაფორმებიდან ევროკავშირში ექსპორტზე $4,43 მლრდ-ის ქართული პროდუქცია გავიდა

ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე 4,43 მლრდ დოლარის საქონელი გავიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული“ სამსახურიდან მოაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე ექსპორტის მთლიან მაჩვენებელში სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს მოწინავე პოზიცია უკავია და ევროკავშირის ბაზარზე გატანილმა საქონელმა  1,7 მლრდ დოლარი შეადგინა.

ტოპ ხუთეულის მეორე ადგილს თხილი და კაკალი იკავებს, ექსპორტირებული პროდუქციის მთლიანი ღირებულება  591,158 მლნ ამერიკული დოლარია.

266,478 მლნ დოლარი შეადგინა ევროკავშორში ექსპორტირებულმა მინერალურმა ან ქიმიურმა, აზოტოვანმა სასუქებმა.

უმსხვილესი საექპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მეოთხე ადგილს იკავებს ბიტუმოვანი მინერალებისგან მიღებული ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები. მიღებულმა შემოსავალმა 173,359 მლნ დოლარი შეადგინა.

ხუთეულის ბოლო ადგილს არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები იკავებს მთლიანი 163,139 მლნ დოლარით.

ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ექსპორტზე გატანილი სხვა პროდუქტების ღირებულება  კი 1,505 მლრდ დოლარია.

Businesspartner