დარგში ინვესტირება გაიზრდება - ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი
მთავრობის გადაწყვეტილების ბენეფიტი იქნება ის, რომ საზღვაო დარგში უცხოური ინვესტიციები შემოვა - ასე აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე.
საუბარია, მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის ფარგლებშიც IT და საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ საქმიანობებს, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭებათ, საშემოსავლო და მოგების გადასახადი 5%-მდე შეუმცირდებათ.
როგორც შარაბიძე აცხადებს, შეღავათები გახდება საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი სავაჭრო ბრუნვა იყოს, ვიდრე დღეს არის. ეს კი უცხოური გემთმფლობელი ან გემთმშენებელი მენეჯმენტ კომპანიების დაფუძნებასა ან წარმომადგენლობების გახსნით მიიღწევა.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ბევრი გემთფლობელი შემოვა, ქართველი მეზღვაურებისადმი ინტერესი უფრო გაიზრდება. დაინტერესდებიან როგორც ქართული ბანკები, ისე ქართველი ბიზნესმენები. დღეს ჩვენს მეზღვაურებზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოგვცემს საშუალებას, რომ საზღვაო დარგის სპეციალისტები დასაქმდნენ, საქართველო კი საზღვაო მიმართულებით უფრო განვითარდეს,“ - აცხადებს შარაბიძე.
ხომ არ იქნებოდა უფრო მეტად ხელშესახები დარგის დღგ-სგან გათავისუფლება, ვიდრე საშემოსავლოს და მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირება, შარაბიძე აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული ძალიან დადებითია.
შეგახსენებთ, კანონით უკვე დადგინდა საერთაშორისო სტატუსის მქონე საწარმოს ცნება.
რაც შეეხება პირობებს, რასაც საზღვაო და IT კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საერთაშორისო სტატუსის მიღებას და შეღავათებით სარგებლობას შეძლებს საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი კომპანია, რომელსაც ამ ქვეყანაში საქმიანობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება აქვს.
„კომპანიამ განაცხადი უნდა გააკეთოს შემოსავლების სამსახურში. მოხდება მისი განხილვა და მთავრობა მიანიჭებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს,“- განმარტა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.