ბიზნესი
08/10/2020

რომელ კომპანიებს შეუძლიათ საერთაშორისო სტატუსის მოპოვება და შეღავათებით სარგებლობა

სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.
 
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ სექტორებში მოქმედი კომპანია, რომელიც მიიღებს „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს, ისარგებლებს შეღავათებით ქონების (გარდა მიწისა), მოგების, დივიდენდებსა (სრულად თავისუფლდება) და საშემოსავლო გადასახადებზე - მოგების და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდება 5%-მდე.
 
გიორგი გახარიას თქმით, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში მძაფრი გლობალური ეკონომიკური კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ასევე საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას იმისათვის, რომ საქართველოდან იმუშაონ.
 
„ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ, რომელი მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე IT კომპანიები. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის, რამეთუ ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, ისევე, როგორც IT მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც ასამოქმედებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
რაც შეეხება პირობებს, რასაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საერთაშორისო სტატუსის მიღებას და შეღავათებით სარგებლობას შეძლებს საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი კომპანია, რომელსაც ამ ქვეყანაში საქმიანობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება აქვს.

კომპანიამ განაცხადი უნდა გააკეთოს შემოსავლების სამსახურში. ამის შემდეგ დოკუმენტები განიხილება და მთავრობა მიანიჭებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს.

Businesspartner