ეკონომიკა
16/11/2020

COVID-ის ფონზე გაზრდილი ვალდებულებები - 1 წელში საქართველოს საგარეო ვალი $1,571 მლრდ-ით გაიზარდა

პანდემიის ფონზე ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ზრდის ტენდენციით ხასიათდება და როგორც ჩანს, ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება.

ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის საგარეო ვალი $1,571 მლრდ-ით არის გაზრდილი და ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრისთვის $6.991 მლრდ-ს აღწევს. საგარეო ვალის მოცულობა გაზრდილია სექტემბერთან შედარებითაც, $230 მლნ-ით.

ქვეყანას მთლიანობაში საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები გააჩნია.

საგარეო ვალის ზრდა ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ქვეყნისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებით აიხსნება.

ფინანსთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ გვაცნობა კიდეც, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მთავრობა მომდევნო წლებში იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე აქამდე იყო განსაზღვრული. ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ახალი ვალების მობილიზების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ მშპ-ს 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58.65%-ს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის 2021 წლის პროექტის განხილვისას განაცხადა, პანდემიის გამო აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვას საქართველო სამი წლის შემდეგ დაიწყებს. "ქვეყანას ფინანსური ვალდებულებები 10-დან 25 წლამდე ვადით აქვს აღებული. არცერთი აღებული ვალი არ არის მოკლე ვადიანი", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

უნდა ითქვას, რომ გაზრდილ საგარეო ვალთან დაკავშირებით პრობლემებს ხედავს Fitch Raitings-ი. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო სწორედ საგარეო ვალის მზარდ მაჩვენებელს მიიჩნევს საქართველოს სუვერენული რეიტინგის სუსტ წერტილად. 

სააგენტომ ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში მთავრობას დონორებისგან მოზიდულის სახსრების ნაწილის დეპოზიტებში განთავსება ურჩია, რაც  ქვეყანას ფისკალურ ბუფერს შეუქმნის, ეკონომიკის ზრდის დამატებითი სტიმულის თუ მომავალში დაბალპროცენტიანი ახალი ვალის ასაღებად. 

ამავდროულად უნდა ითქვას, რომ $500 მლნ ევრობონდების გასტუმრება ქვეყანას 2021 წლის აპრილში უწევს. ამ დროისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება მტავრობას ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა განიხილება ევრობონდების განაღდებისთვის რამდენიმე სქემა. გადაწყვეტილების მიღებას კი პანდემიის ფონზე ბაზრებზე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს.

 

 

Businesspartner