ეკონომიკა
04/10/2021

ბიუჯეტის პროექტით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-ია

2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-ს შეადგენს. 

"2021 წელი საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ტენდენციებით დაიწყო და იანვარში რეალური ეკონომიკის კლებამ 11.5%, ხოლო თებერვალში 5.1% შეადგინა. ეკონომიკური განვითარების ტენდენციებში დადებითი დინამიკა პირველად მარტში დაფიქსირდა, თუმცა ჯამურად, პირველ კვარტალში ეკონომიკური კლების მაჩვენებელმა 4.5% შეადგინა.

ეკონომიკური პარამეტრები რადიკალურად შეიცვალა აპრილიდან, რა დროსაც
მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების, საფინანსო სექტორის ზრდის, წმინდა ფულადი გზავნილების და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. დადებითი ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ივლისში განახლდა მაკროეკონომიკური პროგნოზები და განხორციელდა ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში",- აღნიშნულია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში. 

განახლებული პროგნოზების საბაზისო სცენარის მიხედვით:

  • ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-დან გაიზარდა 7,7%-მდე;
  • მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 3,8%-ის ნაცვლად განისაზღვრა 7,5%-ის
    ოდენობით;
  • მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 53,4 მლრდ ლარიდან
    გაიზარდა 57,2 მლრდ ლარამდე;
  • ბიუჯეტის დეფიციტი 7,6%-დან შემცირდა 6,9%-მდე;
  • მთავრობის ვალის მაჩვენებელი 60,8%-დან შემცირდა 54,6%-მდე.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, საბიუჯეტო ცვლილებები და განახლებული პროგნოზები ეფუძნებოდა 5 თვის მონაცემებს, თუმცა პროგნოზირებულზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შენარჩუნდა ივნისი-აგვისტოს პერიოდშიც. მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 29.9% შეადგინა, ივლისში 9.9%,
ხოლო აგვისტოში 10.3%, შედეგად, 8 თვის წინასწარი მონაცემებით რეალური ეკონომიკური ზრდა 12.0%-ს შეადგენს.

კიდევ ერთხელ გაიზარდა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 9.5%-ს შეადგენს.

ფაქტიური მონაცემებიდან გამომდინარე, ასევე გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებელი, რომელიც განახლებული პროგნოზის მიხედვით 8.0%-ს შეადგენს.

ეკონომიკური ზრდის და მშპ-ს დეფლატორის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი და ნაცვლად ივლისში პროგნოზირებული 57.2 მლრდ ლარისა, 58,4 მლრდ ლარს შეადგენს.