ბაკურიანსა და სვანეთის კურორტებზე ბილეთები ძვირად იყიდებოდა - აუდიტის ანგარიში
აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2018-2019 წლებში “მთის კურორტების განვითარების“ კომპანიამ 28.4 მილიონი ლარის ოდენობის საოპერაციო შემოსავალი მიიღო. საბაგიროებით სარგებლობისთვის ბილეთების/აბონემენტების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა მთლიანი შემოსავლების 94%, ანუ 26.6 მილიონი ლარი შეადგინა.
როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, კომპანიის დირექტორის ბრძანებით, ყოველწლიურად მტკიცდება სამთო-სათხილამურო კურორტების აბონემენტების კატეგორიები (ზრდასრულთა და საბავშვო), ტიპები (ერთჯერადი, მრავალჯერადი, სეზონური) და შესაბამისი პერიოდის ფასები.
აუდიტის ჯუფმა შეისწავლა დამტკიცებული ფასების გამოყენების სისწორე. ბაკურიანსა და სვანეთის კურორტებზე (ჰაწვალი, თეთნულდი) გამოვლინდა ბილეთების/აბონემენტების დამტკიცებულზე მაღალ ფასად რეალიზების შემთხვევები. ფასთა სხვაობამჯამში 14 610 ლარი შეადგინა. კომპანიის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო ტექნიკური მიზეზებით.
“კომპანიაში არ არსებობს მომსახურების ფასების გაანგარიშების პოლიტიკა და მეთოდოლოგია, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა სოციალური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ამასთანავე, ინფორმაციის მიწოდებაზე სათანადო კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო, გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში ბილეთები რეალიზებული იყო დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ფასებით. კომპანიაში ფასების გაანგარიშების პოლიტიკისა და მეთოდოლოგიის არარსებობა შესაძლოა უარყოფითად აისახოს კომპანიის შემოსავლების ფორმირებასა და ფინანსურ შედეგებზე“,- აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, „მთის კურორტების განვითარების“ კომპანიამ შეიმუშაოს კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ფასწარმოქმნის პოლიტიკა და მეთოდოლოგია, სადაც სოციალურ მიზნებთან ერთად გათვალისწინებული იქნება ასევე კომპანიის ეკონომიკური მიზნები.