აუქციონზე სახელმწიფო ქონების შემსყიდველი კომპანიები შეღავათებით ისარგებლებენ
კომპანიებს, რომლებმაც სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით იჯარით აიღეს, ან შეისყიდეს, შეღავათები ექნებათ. ცვლილება “სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში“ შედის, რომელსაც მთავრობა პარლამენტს გადაუგზავნის დასამტკიცებლად.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ასეთმა კომპანიებმა მთავრობას უნდა მიმართონ და დაასაბუთონ, რომ მათ პანდემიამ პრობლემა შეუქმნა. მთავრობა კი, მიიღებს გადაწყვეტილებას გადასახადების გადავადებაზე, პირგასამტეხლოს პატიებაზე.
მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით ასეთია 109 მცირე და საშუალო კომპანია, რომლებსაც პირგასამტეხლოები დაუგროვდათ.
“დღეს, კომპანიებმა ვინც სახელმწიფოსგან ქონება პირდაპირი გადაცემის წესით შეიძინეს, მათთვის შეღავათს ვაკეთებთ. მაგრამ ისინი, ვინც ამ ქონებას იძენდნენ ან იჯარით იღებდნენ აუქციონის გზით, საკანონმდებლო ჩანაწერის გამო ჩვენ ამას ვერ ვაკეთებდით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.