ეკონომიკა
16/03/2022

აუდიტი: ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა კარგია, თუმცა საჭიროებს გაუმჯობესებას

ექსპორტის განვითარება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია და შესაბამისად, სახელმწიფოსთვის მისი ხელშეწყობა - ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს. 

ექსპორტის წახალისება შეიძლება მოიცავდეს იმპორტირებულ ნედლეულზე ტარიფების შემცირებას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებას, საბაჟო პროცედურების გამარტივებას და სხვა ღონისძიებებს. 

ექსპორტის წახალისების მიზნით, ბოლო ათწლეულში საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა:

  • გამარტივდა საბაჟო პროცედურები;
  • გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან.

ქართული კომპანიების საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიზნით, მათ მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − აწარმოე საქართველოში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ქმედითია "აწარმოე საქართველოში" ღონისძიებები ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სააგენტოს საბაზისო ფუნქციები და ღონისძიებები უმეტესად შეესაბამება კარგ პრაქტიკას, თუმცა გაუმჯობესებას საჭიროებს განხორციელებული ღონისძიებების ნაწილი:

სააგენტოს სამიზნე, პრიორიტეტული სექტორების/პროდუქტების იდენტიფიცირების პროცესი არათანმიმდევრულია. კერძოდ, სააგენტოს არ აქვს განსაზღვრული პრიორიტეტული სექტორების/პროდუქტების გამოვლენის პროცედურა და აღნიშნული პროცედურის ჩატარების პერიოდულობა. პრიორიტეტულად მიჩნეული პროდუქტებიდან ზოგიერთი არ ეფუძნება სიღრმისეულ კვლევას, რომელშიც გაანალიზებული იქნებოდა პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში არსებული დაბრკოლებები.

სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას ექსპორტიორი კომპანიების ნაწილზე, სულ მცირე 58 კომპანიაზე, შესაბამისად, მას არ აქვს საშუალება უცხო ქვეყნებიდან შემოსული კონკრეტული პროდუქციის შესყიდვის მოთხოვნები გააცნოს ამ სახის პროდუქციის ყველა მწარმოებელს. ამასთანავე, სააგენტოს მის ხელთარსებულ ბაზებში აღრიცხული კომპანიების ნახევარზე არ გააჩნია ინფორმაცია ექსპორტის განხორციელების სტატუსისა და ხარისხის სერტიფიკატების შესახებ.

"სააგენტოს ახალი პლატფორმა - tradewithgeorgia.com კარგი საშუალებაა მეტი და უკეთესი ხარისხის ინფორმაციის მოსაგროვებლად, თუმცა მის პრაქტიკაში გამოსაყენებლად საჭიროა კომპანიების სათანადო რაოდენობის დარეგისტრირება",- ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ სააგენტოს მიერ ექსპორტთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის ჩასატარებლად არსებულ მექანიზმებში არსებობს გაუმჯობესების პოტენციალი. კერძოდ, სააგენტოს მიერ აუდიტის პერიოდში ჩატარებული კვლევა იყო ზოგადი ხასიათის და ვერ უზრუნველყო კონკრეტული საჭიროებების დადგენა. აღნიშნული იდენტიფიცირებულ იქნა აუდიტის ჯგუფის მიერ შედგენილი დეტალური კითხვარის საშუალებით.

სააგენტოს არ აქვს შეფასებული კომპანიებისათვის საჭირო სავაჭრო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და სერვისების შესახებ ინფორმირებულობის დონე, რათა უზრუნველყოს საჭირო ინფორმაციის სისტემატურად მოპოვებისა და დროული გავრცელებისათვის სათანადო მექანიზმების შემუშავება.

აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ექსპორტის მხარდამჭერი სააგენტოს ფუნქციებში უნდა შედიოდეს კომპანიებისა და პროდუქტების კატეგორიების საინფორმაციო პროფილების შედგენა, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში, გაუზიარებს პოტენციურ უცხოელ მყიდველებს. საინფორმაციო პროფილი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

• პროდუქციის არსებული ხელმისაწვდომი მოცულობა;
• მოკლე დროში პროდუქციის პოტენციურად ხელმისაწვდომი მოცულობა;
• ფასის დიაპაზონი;
• შესაბამისი ხარისხი და სტანდარტები;
• მწარმოებლების, დისტრიბუტორებისა და ექსპორტიორების სია.

შეგროვებული ინფორმაციის განახლებისათვის (სულ მცირე, წელიწადში ერთხელ) საჭიროა, არსებობდეს შესაბამისი გეგმა და ბიუჯეტი.

სააგენტოსთვის ჩამოთვლილი ინფორმაციის ფლობა მნიშვნელოვანია:

• კომპანიებთან სააგენტოს ექსპორტის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ კომუნიკაციის დასამყარებლად;
• ქართული კომპანიების უცხოელ მყიდველებთან დაკავშირებისთვის;
• კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ აუდიტის პერიოდში სააგენტოს ღონისძიებები პასუხობდა კომპანიების მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების ნაწილს, თუმცა ვერ ფარავდა კომპანიების მხრიდან დასახელებულ იმ პრიორიტეტულ საჭიროებებს, როგორებიც იყო: კომპანიების მხარდაჭერა ექსპორტის სტრატეგიის შემუშავებისას, ბაზრების კვლევის, სერტიფიცირებისა და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება/თანადაფინანსება.

 

 

Businesspartner