ალექსანდრე რაქვიაშვილი ეროვნული ბანკის მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატის, "გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, სიღარიბე საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემაა და ამის მთავარი მიზეზია ინფლაცია.
მისი თქმით, საუბარი უნდა დაიწყოს ეროვნული ბანკის გაკონტროლების მექანიზმზე.
"თუ მართლა გვინდა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, თუ გვინდა რომ ჩვენი მოქალაქეები არ ღარიბდებოდეს და არ გვქონდეს მაღალი ინფლაცია, უნდა დავინახოთ პრობლემის მასშტაბი და დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა კონტროლდებოდეს ძალაუფლების ეს ყველაზე დიდი ცენტრი, ეროვნული ბანკი. სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი.
ჩვენ ფაქტობრივად, არ გვაინტერესებს რას აკეთებს ეროვნული ბანკი, ჩვენ არ გაგვაჩნია კონტროლი, ამიტომ გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც მოყვება ფულის უკონტროლო ბეჭდვას. და თუ ჩვენ არ გაგვაჩნია იმის უნარი, რომ ეს ხალხი ვაკონტროლოთ, მაშინ ჩვენ მინიმუმ თავისუფლება უნდა მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს და თავად გადაწყვიტონ რომელი ფული ურჩევნიათ. ჩვენ ადამიანებს წავართვით ეს უფლება და სანაცვლოდ მივეცით გაუგებარი ეროვნული მნიშვნელობის ქაღალდი და სინამდვილეში, ამით ვბეგრავთ მათ და ვბეგრავთ ისე, რომ ვერ ვაკონტროლებთ. ფაქტობრივად, ვინც ჩაიგდებს არაფორმალური კონტროლის მექანიზმით ამ ინსტიტუციას ხელში, ის არის ამ ინსტიტუციის მფლობელი. ეს არის ნორმალურ საზოგადოებაში დაუშვებელი. ჩემი მოწოდება იქნება ამ თემაზე გავმართოთ დისკუსია და დავინახოთ პრობლემის მასშტაბები. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც განაპირობებს სხვა პრობლემებს“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პლენარულ სხდომაზე.