ალექს მატუა: ვიმედოვნებთ, 2022 წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდება
"პროკრედიტ ბანკის" გენერალური დირექტორი ინფლაციას ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ ის 2022 წლის ბოლოს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.
ალექს მატუა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას კი აპრილიდან ელის.
"ინფლაციასთან დაკავშირებით საკმაოდ ინტენსიური საუბრები გვქონდა ეროვნულ ბანკთან და ის ამას კოორდინირებს, მაქსიმალურად ცდილობს, რომ მაჩვენებელმა დაიწიოს.
ყველა სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი მოლოდინი არის, რომ 2022 წლის აპრილის დასაწყისში ინფლაცია იყოს 6%-ზე ჩამოსული და 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. თუ რამე სხვა გაუთვალისწინებელი არ მოხდა და ეს ტენდენცია ასე გაგრძელდა, მგონი ეკონომიკის ზრდა და ზოგადად ეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება," – ამბობს „პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ორნიშა ინფლაციაა. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.5% შეადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეკემბერი-იანვარი-თებერვალი მაღალი ინლაციის შენარჩუნებას ელის, მარტიდან კი ვარაუდობს, რომ მაჩვენებელი შემცირებას დაიწყებს. კობა გვენეტაძე ინფლაციას დროებითი ფაქტორებით ხსნის და განმარტავს, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს არამედ გლობალური გამოწვევაა.