ბიზნესი
19/06/2021

"ზუთხის ხიზილალას თავისი მომხმარებელი ჰყავს, კილოგრამი ₾2400 ღირს"

თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“, რომელიც ორაგულის და ზუთხის ხიზილალას აწარმოებს, სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან  ერთად, 2-3 წლიან პერიოდში  ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე დადიანიძე  "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კილოგრამი ორაგულის ხიზილალის ფასი 175 ლარია, ზუთხის - 2 400 ლარი.

„ზუთხის პროდუქციას თავისი მყიდველი ჰყავს. ძირითადად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 12-15 წელი ველოდებოდით აღნიშნული პროდუქტის მიღებას/წარმოებას, აქედან გამომდინარე,ინვესტიციაც არ იქნება ცოტა ჩადებული. ევროპის ბაზარზე ბევრად ძვირია ზუთხის ხიზილალა. ფასი 1000 ევროდან იწყება,“-აცხადებს დადიანიძე.

ამ ეტაპზე კომპანია წელიწადში 100 ტონაზე მეტ კალამახს, ორაგულს და ზუთხს აწარმოებს. ხიზილალის წარმოების წარმადობა კი წელიწადში 2 ტონას შეადგენს.

კომპანია „ქართული ხიზილალა“ ბაზარზე 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიაში ამ ეტაპზე 70 ადამიანია დასაქმებული.