ზეთისხილის საპონი "ქიზიყი“ ქსელში 2021 წლიდან გამოჩნდება
ქართული წარმოების ზეთისხილის საპონი 2021 წელს „აგროჰაბში“ გაიყიდება. საუბარია კომპანია „ჯეოლაივის“ წარმოებულ საპონზე, რომელიც „ქიზიყის“ ბრენდით იყიდება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სავაჭრო ქსელებთანაც. კომპანიას უკვე აქვს წინასწარი შეკვეთებიც.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, ზეთისხილის საპონი საშუალო საფასო სეგმენტში გაიყიდება და ფასი 1-3 ლარი იქნება.
მისი განცხადებით, კომპანიამ საპნის წარმოება 2019 წელს სატესტო რეჟიმში დაიწყო და რეალიზაციას საწარმოდანვე ახდენდა. სვანიძე აცხადებს, რომ კომპანია საპნის ექსპორტს 1-2 წლის შემდეგ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ „ჯეოლაივი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი სვანიძე ამბობს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია.
კომპანია ამ დროისთვის ზეთის ხილს, ზეითუნის ზეთსა და საპონს აწარმოებს.