"ზარაფხანა" წელს კორპორატიული სუვენირების ხაზის განვითარებას გეგმავს
საიუველირო სახლი „ზარაფხანა“ 2023 წელს კორპორატიული მიმართულების წილის ზრდას გეგმავს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თუ 2022 წელს „ზარაფხანას“ გაყიდვებში კორპორატიული ნაკეთობების ხაზს 10% ეჭირა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით, 15%-მდე გაიზრდება.
„თუ 2023 წლის ბოლოს კორპორატიული შეკვეთებიდან შემოსავალი შეადგენს საერთო შემოსავლის 15%-ს ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება და ჩავთვლით, რომ 2023 წლის გეგმა შევასრულეთ,“-აცხადებს სამხარაძე.
„ზარაფხანას“ აღმასრულებელი ირექტორი კომპანიის 2022 წლის გაყიდვებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ კომპანიამ გასული წელი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა, მათ შორის, 10% კორპორატიულ მიმართულებაზე მოდიოდა. როგორც სამხარაძე აცხადებს, ეს სეგმენტი 2019 წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა.
„ზრდაა საცალო გაყიდვების მიმართულებითაც. კორპორატიულ სეგმენტში აქტიურობენ კერძო კომპანიები. გვიკვეთავენ თანამშრომლებისთვის, სტუმრებისთვის გარკვეულ პროდუქციას,“-აცხადებს სამხარაძე.
მისივე განმარტებით, კომპანიამ 2022 წელს გაამრავალფროვნა ასორტიმენტი და კორპორატიული შეთავზების ნუსხას სასაჩქრე დანების ხაზი დაამატა.
„გააქტიურებულ რეალიზაციას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთ-ერთია პანდემიის პერიოდში მოსახლეობის მხრიდან ფუფუნების საგნებზე თავშეკავების მომენტი და მეორე - მიგრანტების შემოსვლა და ზოგადად, გაზრდილმა ტურიზმმა ეკონომიკა გაზარდა და ხალხში მეტი ფინანსების ბრუნვას შეწუყო ხელი.ეს სიკეთე ყველა ბიზნესს დაეტყო. საერთაშორისო მასშტაბითაც, საიუველირო ნაწარმზე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა“-აცხადებს სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ „ზარაფხანა“ საქართველოში ერთადერთი საიუველირო სახლია, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.
დღეისთვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით ბრენდული საიუველირო ნაკეთობის 5 მაღაზიას მართავს. აქედან 1 ონლაინ მაღაზიაა. კომპანია 100 სამუშაო ადგილს ქმნის.