ბიზნესი
30/01/2023

ზარაფხანა: ბაზარზე იუველირის და მინანქრის სპეციალისტების სიმცირეა

საიუველირო სახლი „ზარაფხანას” აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე „ბიზნესპარტნიორთან“პროფესიონალი კადრის სიმცირეს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს პრობლემა „ზარაფხანაში“ საკმაოდ მწვავედ დგას.

პრობლემურ ვაკასიებს შორისაა იუველირი, მინანქრის სპეციალისტი, ლაზერის დანადგარის ოპერატორი, ქვის ჩამსმელი, მესანთლე-მემოდელე და ასე შემდეგ.

„ბაზარზე საკმაოდ ცოტაა მზა კადრი, რომელსაც მოიყვან და ჩვენს საწარმოში დაასაქმებ. ადამიანს უნდა ჰქონდეს  იმის სურვილი, რომ რამდენიმე თვე საწარმოში ერთგვარი სტაჟირება გაიაროს და საქმე ადგილზე ისწავლოს. სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი,  რომელიც ახალი საქმის შესწავლაში 5-6 თვეს დახარჯავს და უკვე ამის შემდეგ მიიღებს შემოსავალს“-აცხადებს სამხარაძე.

მისივე თქმით, „ზარაფხანაში“ სწავლა ანაზღაურებადია, თუმცა, ის მასშტაბები არ არის, რაც პროფესიონალი კადრის შემთხვევაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ზარაფხანა“ საქართველოში სახლია, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.

დღეისთვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით ბრენდული საიუველირო ნაკეთობის   5 მაღაზიას მართავს. აქედან 1 ონლაინ მაღაზიაა. კომპანია  100 სამუშაო ადგილს ქმნის.