ბიზნესი
24/04/2021

“ზალა რესტორანი“ - პანდემიამ მენიუს ბიუჯეტური კერძებით განახლების აუცილებლობა დაგვანახა

„ზალა რესტორნის“ მფლობელი ზურაბ ბაქრაძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რეგულაციების დაცვით რესტორანი 8 მარტიდან აქტიურად მუშაობს. ბოლო პერიოდში კი ობიექტს უცხოელი ტურისტებიც სტუმრობენ.

მისი განცხადებით, კომპანიისთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ე. წ. კომენდანტის საათია, რადგან ობიექტი სწორედ ვახშმის პერიოდისთვის იხურება.

„პრობლემაა ასევე ის, რომ აკრძალულია შაბათ-კვირას მუშაობა. კარგი იქნებოდა, ამ ორიდან რომელიმეზე შეღავათი გვქონდეს, ან კომენდანტის საათი გადაიწიოს 23:00 საათამდე, ან შაბათ-კვირას მუშაობის საშუალება მოგვცენ, თუნდაც, არსებული რეგულაციების შენარჩუნებით,“ - აცხადებს ბაქრაძე.

მისი განცხადებით, კომპანიას რეგულაციებით მუშაობის შედეგად, არსებული თანამშრომლების სრულად შენარჩუნება გაუჭირდება. როგორც ბაქრაძე აცხადებს, შექმნილ სიტუაციაში იცვლება რენტაბელურობის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში, კომპანიას სამუშაო ადგილების შემცირების რისკის წინაშე აყენებს.

ზურაბ ბაქრაძის განმარტებით, პანდემიის პირობებში შეიცვალა მომხმარებლის ქცევა. კერძოდ, დღეს „ზალა რესტორანში“ შემოსული ადამიანების გარკვეული ნაწილი უპირატესობას უკვე ბიუჯეტურ კერძებს ანიჭებს, რამაც კომპანიას მენიუში შედარებით ნაკლები თვითღირებულების კერძების დამატების განახლების აუცილებლობა დაანახა.

„გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტებზე ფასები იზრდება, მოგვიწია მენიუს გადახედვა იმ კუთხით, რომ დაგვემატებინა ისეთი კერძები, რომლის  შეძენასაც მომხმარებელი შეძლებდა. შევქმენით ახალი კერძები, რომელიც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას მოერგო. მიუხედავად ამისა, გემო და ხარისხი უმაღლესი რჩება.

სიახლეა ისიც, რომ „ზალა რესტორანი“ სტუმრებს დილის 08:00 საათიდან იღებს და ორშაბათ-პარასკევის დღეებში მათ ჩვენს რესტორანში საუზმის შესაძლებლობა მივეცით. შევქმენით სპეციალური მენიუ. გვაქვს 6 სხვადასხვა ნაკრები, ყველანაირი გემოვნების სტუმრისთვის. ასევე დავამატეთ საკონდიტრო ხაზი, სადაც გაერთიანებულია ძველებური, "სახლური" ნამცხვრების მიმართულება. აღდგომის შემდეგ ვგეგმავთ სხვადასხვა კამპანიას, რომელიც მომხმარებლის დღევანდელ ქცევაზე უფრო მეტად იქნება მორგებული,“ - აცხადებს ბაქრაძე.