ბიზნესი
07/06/2023

"ზაფხულის სეზონზე, კადრის დეფიციტის პრობლემა უფრო მეტად თბილისში გამწვავდება"

ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სარესტორნო ბიზნესს კადრის დეფიციტის პრობლემის კიდევ უფრო მეტად გამწვავების მოლოდინი აქვს.

როგორც „ზალა რესტორნის" დამფუძნებელი ზურაბ ბაქრაძე „ბიზნესპარტნიორთან“  საუბრისას აცხადებს,  ადამიანური რესურსის ნაკლებობა განსაკუთრებით თბილისში იქნება თვალშისაცემი, რადგან დასაქმებულთა ნაწილი სეზონურად რეგიონებში, ტურისტულ ზონებში გადაინაცვლებს.

„თბილისში ზაფხულში უფრო მეტად გამწვავდება კადრების დეფიციტის პრობლემა. სამწუხაროდ,  ძალიან ცოტა რესტორანი სთავაზობს დასაქმებულებს უსაფრთხოების სტანდარტებს, შრომითი კოდექსის შესაბამის სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას. ამიტომ ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ თბილისიდან  გავიდნენ სეზონზე, რადგან უფრო მეტად მაღალ ანაზღაურებაზე იმუშაონ. არ ველი, რომ  წელს მაგალითად, ბათუმში საკადრო დეფიციტი იქნება,  რადგან  იქ მოგეხსენეაბთ რომ სეზონური სამსახურია და  ერთ დღეზე ანაზღაურება ბევრად მაღალია, ვიდრე თბილისში .“-აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ სარესტორნო ბიზნესი კადრების სერიოზული  დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ბევრი გავიდა სფეროდან, მათი ნაწილი ქვეყნიდანაც წავიდა.

„დღესდღეობით,  ჩემი რესტორნის  შემთხვევაში, ეს პრობლემა ნაკლებად დგას. გავაანალიზეთ აღნიშნული  საკითხი და  ჩვენს  კადრებს ის პირობები შევთავაზეთ, რაც  არც თუ ისე ბევრ კომპანიაშია შექმნილი. თუმცა, ზოგადად, ადამიანური რესურსის დეფიციტის პრობლემა, რაც დგას ქვეყანაში - მრავალწახნაგოვანია.  

პირველ რიგში, დამსაქმებლები უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ შრომითი  კოდექსის შესაბამისი პირობები შევთავაზოთ  დასაქმებულებს  და მეორე, შესაბამისი ანაზღაურება გადავუხადოთ.  თუმცა, თავისთავად ცხადია,  დამსაქმებელს ამის  საშუალება უნდა ჰქონდეს და რა არ გვაძლევს ჩვენ ამის საშუალებას? ეს არის ის საგადასახადო სისტემა, რომელშიც სარესტორნო ბიზნესია მოქცეული. ჩვენი კანონმდებლობით სარესტორნო ბიზნესი სამზარეულოს შესყიდვების 60%-ზე დღგ-ს ვერ ითვლის,  რაც ნიშნავს იმას რომ სხვა ბიზნეს სექტორთან შედარებით,  ფინანსურად გაცილებით ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუ ეს პრობლემა დალაგდება ისე როგორც უამრავ განვითარებულ ქვეყანაში არის და სარესტორნე ბიზნესი ისარგებლებს   სპეციალური საგადასახადო ნორმებით, ამ შემთხვევაში  დამსაქმებელს, რა თქმა უნდა, გაუჩნდება მეტი რესურსი,  რომ უფრო მეტი ადამიანი დააინტერესოს, მოვიდნენ ამ სფეროში და დაიწყონ მუშაობა. „-აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სარესტორნო ბიზნესი საქართველოში  ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია და საერთო ჯამში, ამ სფეროში 300 000-მდე  ადამიანი მუშაობს.