ბიზნესი
18/01/2021

X2: თუ ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგზე ახალი შემოთავაზება გვექნება, პროექტში ჩავერთვებით

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობით დაინტერესებული კომპანია X2-ის გენერალური დირექტორი ვალერიან კირკიტაძე  „ბიზნესპარტნორთან“ პროექტის განვითარების პერსპექტივასა და შესაძლებლობაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, კომპანიას ფილარმონიის მიმდენარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა 2019 წლის აპრილში უნდა დაეწყო, თუმცა, პროექტი ჩაიშალა. მიზეზი გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა გახდა, რომლის მიხედვითაც, კომპანია ჩადებულ ინვესტიციას 18 წელი ვერ ამოიღებს.

ვალერიან კირკიტაძე აცხადებს, რომ კომპანია X2  პროექტში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ თბილისის მერია დაინტერესებულ კომპანიას ახალ პირობებს შესთავაზებს.

ჩვენი და მერიის ინტერესი არ დაემთხვა შემდეგ პუნქტში: მერიის ინტერესს წარმოადგენდა და წარმოადგენს საპარკინგე არეალის შექმნა,ხოლო ჩვენი ინტერესი იყო საპარკინგე ზონასთან ერთად დამატებით კომერციული ფართების წარმოქმნა, რაც პროექტში განხორციელებული ინვესტიციის უკუგებას დააჩქარებდა. ეს რა თქმა უნდა, ახალი მიზიდულობის ცენტრს წარმოქმნის და მიმდებარე ტერიტორიას კიდევ უფრო დატვირთავს“-აცხადებს კირკიტაძე. 

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 11 მლნ ლარია. მიწისქვეშა პარკინგი მინიმუმ 180 ავტომობილს დაიტევდა. თანხა სრულად პროექტის განმახორციელებელ კომპანიას X2-ს ეკუთვნოდა და მასში მერია არ მონაწილეობდა. მიწისქვეშა პარკინგი ფილარმონიის გვერდით, ამჟამად არსებულ მიწისზედა პარკინგზე უნდა მოწყობილიყო.