Wolt-ი: ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებელს მედიკამენტების მიტანის სერვისი უფასოდ შევთავაზოთ
პანდემიის პერიოდში საკურიერო მომსახურებაზე მოთხოვნა გააქტიურდა. მიტანის სერვისის საჭიროება დადგა მედიკამენტების ნაწილშიც. როგორ მიიღო ბაზარმა ეს სერვისი, იზრდება თუ არა აღნიშნული სეგმენტი და გაჩნდა თუ არა კონკურენცია, jandacva.ge-ს „Wolt საქართველოს“ გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი ესაუბრა.
მისი განმარტებით, კომპანიამ მედიკამენტების მიტანის სერვისი დაახლოებით 6 თვის წინ აამოქმედა და საქართველოში წარმოდგენილ თითქმის ყველა ბრენდულ სააფთიაქო ქსელებთან თანამშრომლობს. მათ შორის, „ავერსთან“, „პეესპესთან“, "ჯიპისისთან“.
„გადავწყვიტეთ, პანდემიის პერიოდში მიწოდება უფასოდ განვახორციელოთ, რადგან მომხმარებლებს არ აქვთ ღამის საათებში გარეთ გასვლის საშუალება. გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტებია და მისი მიღება მომხმარებელს ეჩქარება, დღეს ჩვენი პრიორიტეტია ის, რომ მომხმარებელს ეს მომსახურება სრულიად უფასოდ შევთავზოთ. ფაქტობრივად, ტრანსპორტირების საფასურს ჩვენი კომპანია სრულად, მთელი დღის განმავლობაში თავისთავზე იღებს“- აცხადებს ნატალია ხიზანიშვილი.
როგორც „Wolt საქართველოს“ გენერალური მენეჯერი აცხადებს, საქართველოში საცალო ვაჭრობის ონლაინ მიწოდების სეგმენტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება, მათ შორის, სააფთიაქო ქსელებიდან.
კითხვაზე, რა წილი უჭირავს მედიკამენტების მიწოდების სერვისს კომპანიის მთლიან გაყიდვებში, ხიზანიშვილი ამაზე დეტალურად არ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კონფიდენციალურია, თუმცა, აღნიშნავს, რომ ის ამ ეტაპზე „Wolt საქართველოს“ ერთეულ პროცენტს შეადგენს.
„ეს მიმართულება წილობრივად წამყვანი არ არის, თუმცა მის გაზრდაზე ვმუშაობთ. ჩვენთვის ეს ახალი სფეროა, აქედან გამომდინარე, გვჯერა, რომ აფთიაქებიდან მიტანა უფრო და უფრო პოპულარული გახდება.ამ მიმართულებას ზრდის საკმაოდ მაღალი ტენდეცია აქვს,იზრდება კონკურენციაც, რასაც მივესალმებით," - აცხადებს ხიზანიშვილი.
„Wolt საქართველოს“ გენერალური მენეჯერი მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია მედიკამენტების ონლაინ მიწოდების სერვისში საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ახორციელებს.
„ეს მიმართულება ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ თვეების და წლების განმავლობაში უფრო და უფრო განვითარდება, გასავითარებლად კომპანიაში ბევრი ახალი დეპარტამენეტი დავამატეთ, შესაბამისად, ამ კუთხით საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს “-აცხადებს ხიზანიშვილი.
კითხვაზე, აქვს თუ არა 6 თვის წინ ამოქმედებულ მიმართულებას ხარვეზები და რამდენად სწრაფად ხდება მომხმარებლისთვის მედიკამენტების მიწოდება, ხიზანიშვილი აცხადებს, რომ მიწოდება უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ხდება.
„ხარვეზებს რაც შეეხება, რადგან ახალი მიმართულებაა ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც, დახვეწა მიმდინარეობს. თუმცა რაიმე დიდი ხარვეზის გამოყოფა გამიჭირდება. ერთადერთია ის, რომ მედიკამენტების არჩევანი არის შედარებით შეზღუდული, ვიდრე ფიზიკურად ადგილზეა. გეგმები გვაქვს, რომ ხელმისაწვდომი მედიკამენტების რაოდენობა მივუახლოვოთ აფთიაქებში არსებულ რაოდეობას,“ - აცხადებს ხიზანიშვილი.