Voulez-Vous: თუ პანდემიამ რეალიზაცია შეგვიჩერა, ომმა პროდუქციის მოწოდების ჯაჭვი დაარღვია
„2023 წელი არის პირველი წელი, როცა გამართულად შეგვიძლია შევედაროთ პანდემიამდელ პერიოდს, ანუ 2019 წელს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ განუცხადა.
მისი თქმით, წლის დასაწყისიდან ზრდა შეინიშნება როგორც გაყიდვების მაჩვენებლებში, ისე მომხმარებლების რაოდენობაში. „გაყიდული პროდუქციის 60% მოდის სუნამოზე, დანაჩენი 20-20% კი ნაწილდება დეკორატიულ კოსმეტიკასა და სახის მოვლის საშუალებებზე“, - აღნიშნა ნინო ნოდიამ.
მისივე თქმით, Voulez-Vous-სთვის, ისევე როგორც ზოგადად პარფიუმერული ბიზნესისთვის, წელსაც განსაკუთრებით შემოსავლიანი ახალი წლის და მარტის პერიოდი იყო. „მოგეხსენებათ, ეს ორი დღესასწაული არის ყველაზე დიდი დღე ჩვენს ბიზნესში, ამიტომ, სხვადასხვა აქციებითა და ფასდაკლებებით, მომხმარებლების რაოდენობა განსაკუთრებით მზარდია ხოლმე. გაყიდვების მაჩვენებლების ზრდას ველით მთელი წლის განმავლობაშიც, რადგან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით“, - განმარტა პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
„ბიზნესპარტნიორთან“ მან იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც პარფიუმერულ კომპანიას ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა შეუქმნა.
„თუ პანდემიამ რეალიზაცია შეგვიჩერა, რეგიონში მიმდინარე ომმა პროდუქციის მოწოდების ჯაჭვი დაარღვია და პრობლემები შეგვიქმნა. იმ ყველა დიდ, საერთაშორისო ბრენდს, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორიც ვართ ჩვენ, საშუამავლო კომპანიები ჰქონდათ რუსეთსა და უკრაინაში. რუსეთში არსებულ ოფისებთან თანამშრომლობა შევაჩერეთ, უკრაინული ოფისები კი, გასაგები მიზეზების გამო, დაიხურა. ამიტომ, მოწოდების ნაწილში გამოწვევების წინაშე დავდექით. 2022 წლის განმავლობაში, ეს ბრენდები ელოდებოდნენ, რომ ომი დამთავრდებოდა, თუმცა ახლა, თავად დაიწყეს სიტუაციაზე მორგება, ადაპტირება და მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლომდე, უკვე თავისი ძალებით აპირებენ, რომ თავინათი პროდუქციის მოწოდება შუამავლების გარეშე უზრუნველყონ“, - განაცხადა ნინო ნოდიამ.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად მიწოდების ჯაჭვში შექმნილი პრობლემებისა, Voulez-Vous-ს, როგორც მსხვილ პარფიუმერულ კომპანიას მარაგები ჰქონდა, ამიტომ, მომხმარებელს სასურველი პროდუქცია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდა. ახლა კი კომპანია პროდუქციის ახალ ნაკადს ელოდება.
ცნობისთვის, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი Voulez-Vous-ი, საქათველოს მასშტაბით, 10 ფილიალს ფლობს და 200-ზე მეტ პარფიუმერულ ბრენდს წარმოადგენს.