ბიზნესი
19/02/2021

ვლადიმერ ბოისა: მინდა სლოვენიაში ქართული ღვინის ამბასადორი ვიყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, ძველ მარანში, ყოფილმა კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ მეღვინეობა რამდენიმე წლის წინ წამოიწყო და ბრენდი „ბოისა“ შექმნა.

კომპანიის განვითარების გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ ვლადიმერ ბოისამ ისაუბრა. მისი განცხადებით, ისევე როგორც ბევრ სხვა სექტორზე, პანდემიამ ღვინის ბიზნესზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა.

როგორც ბოისა აღნიშნავს, ქართული ტრადიციით 100 წლის ქვევრებში დამზადებული ღვინის გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 80%-ითაა შემცირებული, უკეთესი მდგომარეობაა საექსპორტო მიმართულებაზე.  

ღვინო „ბოისა“  გადის სლოვენიაში, საიდანაც უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იყიდება. „სლოვენიაში კარგად მიცნობენ და მინდა ვიყო  ქართული ღვინის ამბასადორი სლოვენიაში,“-აცხადებს ბოისა.

კომპანია ამჟამად ღვინოს მხოლოდ რქაწითელის და საფერავის ჯიშისგან ამზადებს. ყოფილი სპორტსმენის საკუთრებაშია დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ვენახი. კომპანიის წლიური წარმადობა  4000 ბოთლია.

ვლადიმერ ბოისა აღნიშნავს, რომ  პანდემიამ  მას მარნის განვითარების გეგმებიც დაუპაუზა. მისი ინფორმაციით,  დაგეგმილი იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, არსებული მარნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მარნის აშენება, სადაც შესაძლებლობა იქნებოდა ჩასულ სტუმარს ღვინო ადგილზე დაეგემოვნებინა.

„ახალი ქვევრის ყიდვა მინდოდა. ის ტერიტორია, სადაც ახლა მაქვს ქვევრები ძველია, დიდი ისტორია აქვს, ამიტომ ამის დატოვებას  ერთგვარ მუზეუმად ვფიქრობდი. რაც შეეხება ინვესტიციას, პროექტის ღირებულება სავარაუდოდ, 30 000 დოლარი იქნებოდა,“ - აცხადებს ბოისა.

მისივე ინფორმაციით, შედარებით გრძელვადიანი გეგმაა მარნის ტერიტორიაზე ბუტიკ სასტუმროს  მშენებლობაც.