"ვილა მოსავალი" აზიურ ბაზრებზე ეტაპობრივად შესვლას გეგმავს
"ვილა მოსავალი" აზიურ ბაზრებზე ეტაპობრივად შესვლას გეგმავს.როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი შეყრილაძე "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას აღნიშნავს, ამ მიმართულებით პირველ ეტაპზე ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა განიხილება.
"ვაწარმოებთ შესაბამის მოლაპარაკებებს. აზიურ ბაზრებზე შესვლის გეგმა გვინდა, რომ შემდეგი წლიდან განვახორციელოთ. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მზარდია. ვფიქრობთ, აზიურ ბაზრებზე 5-6 სახეობის ღვინით ვიქნებით წარმოდგენილი.მათ შორის წითელი და ქვევრის ღვინოების გატანას ვგეგმავთ." - აღნიშნა გიორგი შეყრილაძემ.
მისივე თქმით, ქართული ღვინის ინდუსტრია დიდწილად რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული.
"ჩვენს კომპანიას რუსეთში ექსპორტი არასდროს განუხორციელებია. თუმცა ზოგადად,ღვინის სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ბაზრაზე. ამასთან, ბოლო პერიოდში ვხედავთ იმასაც, რომ ყველა ეძებს ალტერნატიულ ბაზრებს.უკვე არსებობენ ინდუსტრიული მეღვინეობები, რომლებიც აღარ არიან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული და ევროპისა თუ აზიის მიმართულებით მუშაობენ."-აღნიშნა გიორგი შეყრილაძემ.
მისივე თქმით, კომპანია "ვილა მოსავალი" საერთაშორისო ბაზრებზე საშუალო საფასო სეგმენტშია წარმოდგენილი და ფასი საშუალოდ 4-დან 15 ევრომდე მერყეობს.
"ვილა მოსავალი" ოჯახური ბიზნესია, რომელიც 2018 წლიდან ნატახტარში ფუნქციონირებს. მეღვინეობის გარდა, კომპანიის პორტფელშია სასტუმრო,რესტორანი, ველნესი.
"წელიწადში 150 ათას ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. გვაქვს 8 ყურძნის სახეობისგან დამზადებული 22 სახეობის ღვინო. ჩვენ უკვე გასული ვართ სხვადასხვა საექსპორტო ბაზრებზე როგორიც არის აშშ, ლატვია, გერმანია და ავსტრია." -აღნიშნა გიორგი შეყრილაძემ