ბიზნესი
28/10/2020

"ვგეგმავთ, მიკრო და მცირე მეწარმეობის გრანტების დასაფინანსებელი მოცულობა - ₾30 000 შევინარჩუნოთ"

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი გრანტების მაქსიმალური მოცულობის შეცვლას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

„ამ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ 30 000 ლარი შენარჩუნდეს, თუმცა ანალიზის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყოველწლიურად ვუყურებთ საშუალო მომართვიანობა რა იყო, გრანტის საშუალო რაოდენობა რა იყო და შესაბამისად, ასევე ვუყურებთ თუ რამდენი იქნება მცირე მეწარმისთვის აუცილებელი ბიზნესის დასაწყებად. მსგავსი ანალიზის საფუძველზე მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებასაც“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორის“ დილის ეთერში სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი გაბრიაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიამდე საგრანტო მოცულობის ზედა ზღვარი 20 000 ლარი იყო, ხოლო შემდეგ სააგენტომ მისი 10 000 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პროგრამაში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შევიდა.