VEON-ი "ბილაინის" ქსელის განვითარებაში $10 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს
საერთაშორისო ჯგუფი VEON ბილაინის ქსელის განვითარებისთვის 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, - შესაბამისი ხელშეკრულება „ნოკიასთან“ უკვე გაფორმებულია.
დოკუმენტი ქვეყნის მასშტაბით კომპანიის ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობს. ხელშეკრულების თანახმად, ქსელის ძირითადი მოდერნიზაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურებას, ქსელის მუშაობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის 5G-ს გაშვების საფუძვლის შექმნას.
„ინფრასტრუქტურა, რომლის დანერგვასაც მესამე კვარტლიდან დავიწყებთ, აბსოლუტურად მზად იქნება 5G ტექნოლოგიის გაშვებისთვის. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც ზოგადად ქვეყანაში და ჩვენს ჯგუფში მომხმარებლისთვის 5G-ის შეთავაზების გადაწყვეტილება მიიღება, ჩვენ სრულად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ დამატებითი სამუშაოების გარეშე მოქალაქეებს ეს სერვისი მივაწოდოთ“,- განაცხადა „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა ტაბიძემ.
მისივე თქმით, ხელშეკრულების საფუძველზე გაუმჯობესდება 4G ტექნოლოგიაც და „ბილაინი“ მომხმარებელს დამატებით ციფრულ სერვისებს შესთავაზებს.
„საქართველოს ტერიტორიის 90% დაფარული გვყავს. ჩვენს მომხმარებელს 4G ტექნოლოგიებში სხვადასხვა სერვისს ვთავაზობთ. თუმცა ამ ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენი მომსახურება კიდევ უფრო ხარისხიანი გახდება. რიგი შეფერხებები სრულიად აღმოიფხვრება. ახალი ტექნოლოგია მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვეულებრივ ინტერნეტ სერვისებთან ერთად შევთავაზოთ დამატებითი ციფრული სერვისები, რაც დღევანდელ რეალობაში აუცილებელია“,- განაცხადა ტაბიძემ.