ველოდებით მთავრობის რეაქციას - რესტორატორთა ასოციაცია
„ველოდებით მთავრობის რეაქციას“,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.
მისი ინფორმაციით, 24 საათიანი პროტესტის შედეგიც ეს იქნება.
„დღეს ან ხვალ, როდესაც საკოორდინაციო საბჭო გაიმართება, რეაგირება მათი მხრიდან ალბათ იქნება. ან გვეტყვიან, რომ არ აქვთ რეაგირება ან რაღაც დღის წესრიგს გვეტყვიან. ჩვენი მოთხოვნაა რეგულაციების ფარგლებში რესტორნების გახსნა. დღეს 2.6%-ზეა დასული დადებითობის მაჩვენებელი, მოლებმა, რომლებმაც დღეში 100 000 ადამიანი გაატარეს 24 დეკემბრიდან, აქ თანამშრომლების ტესტირების შედეგად 0%-ი იყო ინფიცირების მაჩვენებელი. ამ ვითარებაში, სადაც ესეთი ციფრები გვაქვს, წარმოუდგენელია, რომ სფერო არ გაიხსნას,“ - აცხადებს ბურჯანაძე.
კითხვაზე, რა სამოქმედო გეგმა ექნება რესტორატორებს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო რესტორნების გახსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბურჯანაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნება.
შეგახსენებთ, 30 იანვარს, 200-მდე რესტორანმა, 24 საათით, მუშაობა შეწყვეტა. პროტესტის მიზნით, ერთი დღით რესტორნებმა გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე უარს თქვეს.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი როდესაც 4%-ი გვექნება, ეკონომიკის გახსნა უკვე ფრთხილად იქნება შესაძლებელი.