“ველოდებით 24 დეკემბერს“ – “გლდანი მოლი“
ველოდებით 24 დეკემბერს, მაშინ, როდესაც გავიხსნებით და გვექნება საშუალება ვიმუშაოთ.“-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „გლდანი მოლის“ ხელმძღვანელი დავით ზიბზიბაძე საუბრობს. მისი ინფორმაციით, რაც შეეხება იმას, თუ რა გეგმა ექნებათ მოლებს მაშინ, თუ სავაჭრო ცენტრების გახსნა მთავრობამ გადაავადა, ამაზე ზინზიბაძეს საუბარი უჭირს.
“ჯერ კონკრეტულად არ არის ნათქვამი რა იქნება, ბოლო ინფორმაციაა, რომ 24 დეკემბერს ვიხსნებით. ზოგადად, გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა ძალიან ცუდია, არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი მოიჯარეები.“-აცხადებს ზიბზიბაძე.
„გლდანი მოლის“ ხელმძღვანელი დავით ზიბზიბაძე აცხადებს, რომ რამდენიმე სავაჭრო ცენტრს მიმართული აქვს მთავრობისთვის, რომ მოხდეს როგორც სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებების, ისე საფინანსო სექტორთან შუამდგომლობის შედეგად გარკვეული შეღავათების დაწესება.
„ფაქტობრივად ყველა მოლს აქვს ბანკის სესხი და ასეთ ვითარებაში, შეუძლებელია მისი მომსახურება. პირადად ჩვენი სავაჭრო ცენტრის მაგალითზე გეტყვით, რომ პირველი ლოკდაუნის დროსაც და ახლაც ყველა ჩვენს მეიჯარეს გადასახადი გაუნულეთ. ერთმანეთის მდგომარეობაში უნდა შევიდეთ, რადგან ისინი ჩვენს გარეშე და ჩვენ მათ გარეშე ვერ ვარსებობთ“-აცხადებს ზიბზიბაძე.
„თბილისი მოლის“ ხელმძღვანელი ამ ეტაპზე ვერ საუბრობს იმაზე, თუ კომპანიას რა ოდენობის ზარალი მიადგა,თუმცა, აცხადებს, რომ ეს ცნობილი გახდება მაშინ, როდესაც დაიხურება წელი და ყველაფერი დაითვლება.
ზიბზიბაძის ინფორმაციით, იმ პირობებში, როდესაც მოლებს არ შესდის საიჯარო ქირა და მათ სხვა ტიპის შემოსავალი არ აქვთ, უწევთ შენობის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო თანხების გადახდა, მათ შორის, კომუნალურების, რაც მოლებისთვის დიდი ტვირთია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.დროებით იხურება სავაჭრო ცენტრები (მოლები), ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
რამდენიმე დღის წინ მოლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს.მოლების წარმომადგენლები, ნაცვლად 24 დეკემბრისა მუშაობის განახლებას 15 დეკემბრიდან ითხოვდნენ.ასევე ივლისში გადავადებული ქონების გადასახადის გაუქმებას, სესხების 12-თვიან რეფინანსეირებას, 6 თვის საპროცენტო ხარჯების სუბსიდირებით.