ვანო მთვრალაშვილი: საწვავის გაიაფება გონივრულ ვადაში არაბრენდირებული სადგურებიდან დაიწყება
ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე „ბიზნესპარტნიორთან“ საწვავზე ფასებას შემცირებას ვარაუდობს და ფასწარმოქმნის ფაქტორებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, საწვავის ფასი ძირითადად დამოკიდებულია ორ ძირითად ფაქტორზე: საერთაშორისო ფასი პლატსის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე და ეს ფასები გაზრდილია, მეორე - ეროვნული ვალუტის კურსია და ამ თვალსაზრისით დადებითი დინამიკაა.
„თავისთავად, აქედან გამომდინარე, მოლოდინები ოპტიმისტურია. ამის განმაპირობებელია ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში. თუ საუბარი იყო იმაზე, რომ ფასები უნდა გაზრდილიყო, ახლა ეს გამორიცხულია და რა თქმა უნდა, საცალო ქსელში საწვავზე ფასები გაიაფდება. თუმცა, ეს ყველაფერი მოხდება მას შემდეგ, თუ შენარჩუნდა ლარის გამყარების ტრენდი და რაც ნავთობკომპანიები ახალ შესყიდვებს, ახალი კურსით განახორციელებენ. ახლა ლარი იმდენად გამყარებულია, რომ გონივრულ ვადაში როდესაც საწვავის ახალი იმპორტი განხორციელდება და საცალო ქსელში მოხვდება, ეს ფასზე აისახება.
გადაჭრით ამის თქმა, თუ რა პერიოდში მოხდება ასახვა, რთულია, თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ საწვავის გაიაფება არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურებიდან დაიწყება. მათ არ აქვთ მარაგები და პირდაპირ საბითუმო ბაზარზე არიან დამოკიდებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ბრენდირებულებიც მიყვებიან, რადგან ესენი ბაზარზე დიდი მარაგებით ოპერირებენ ბაზარზე," - აცხადებს მთვრალაშვილი.
ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა მკვეთრად მყარდება. 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0791 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 7.33 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7276 ლარია. ევროს ცვლილებამ 11.5 თეთრი შეადგინა.