ბიზნესი
18/02/2022

ვანო მთვრალაშვილი: საწვავის გაძვირების შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა მნიშვნელოვანია

საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობა დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას განიხილავს, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. 

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი "ბიზნესპარტნინორთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასოციაციასთან კონსულტაციები არ ყოფილა.

"კონკრეტულად რა მექანიზმებზეა საუბარი, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ინიციატივას მივესალმებით და ვთვლით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

როგორც მივხვდი, ეს იქნება ფასების ზედა ზღვრის ფიქსაცია და ფასის შემდგომი ზრდის შეკავება. მაგალითად, თუ მზარდი საერთაშორისო ფასების პირობებში, ქვეყანაში საწვავის ფასების გარდაუვალი ზრდის აუცილებლობა იქნება, სახელმწიფო ჩაერევა ამ პროცესში და გარკვეული მექანიზმებით, არ ვიცი, ეს იქნება სუბსიდირება, გადასახადების შემცირება თუ სხვა მექანიზმი, მოახდენენ ფასების ფიქსაციას.

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, არამარტო მომხმარებლისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინფლაციისთვის," – აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენდნენ განაცხადა, რომ საწვავთან მიმართებაში ნამდვილად არსებობს ფასის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა ეს გამოწვეულია გარკვეულწილად იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რომელიც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს.

"ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე, თუმცა, მომავალში ზრდის ტენდენცია თუ გაგრძელდება, შესაძლებელია, დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშაოთ. შესაძლებელია დაზღვეული იყოს როგორც ზედა ჭერი, ასევე ფასების ქვედა ნაწილი"– განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.