Vanilla Sky: კომპლექსი ღიაა, თუმცა ვერ ვმუშაობთ, ხალხი არ დადის
ნატახტარში, დასასვენებელი კომპლექსი Vanilla Sky-ს დირექტორის, ნინო ფერაძის განცხადებით, კომპლექსი გახსნილია, თუმცა, აქტივობა არ შეინიშნება. მისი განმარტებით, პანდემიიდან გამომდინარე, ხალხი მაინც თავს იკავებს მსგავსი აქტივობებისგან.
როგორც ფერაძე აცხადებს, მიუხედავად ამისა, კომპანიაში არსებული ყველა სერვისი ხელმისაწვდომია, მათ შორის, საცურაო აუზიც.
„ჩვენ რეგულაციების დაცვით მთელი წელია ვმუშაობთ, დავასრულეთ სარემონტო სამუშაოებიც. გახსნილები ვართ, თუმცა ვერ ვმუშაობთ. ფასები კვლავინდებურად დაბალია, არ დაკორექტირებულა,“ - აღნიშნავს ფერაძე.
Vanilla Sky-ს დირექტორს არ აქვს მოლოდინი, რომ წელს ზაფხულის სეზონი ისეთივე აქტიური იქნება, როგორც პანდემიამდე. მისი ინფორმაციით, ხარჯი იმდენად აღემატება შემოსავალს, რომ კომპანიის ადმინისტრაციას განსხვავების საკუთარი სახსრებით დაფარვა უწევს.
„წელს დიდი მოლოდინი არ მაქვს და ვერც პერსპექტივას ვხედავ. გარდა იმისა, რომ გვაქვს კომპლექსი, ვართ ტურისტული კომპანიაც, სასტუმროც, რესტორანიც.
ვიღებდით ჯგუფებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენს სასტუმროში. საკმაოდ ბევრი ტურისტი გვყავდა. გვქონდა ტრეინინგები, კონფერენციები, ღონისძიებები. აუზზე მომსვლელი ხალხიც ბევრი იყო და რესტორანშიც. ვემსახურებოდით შიდა ფრენებს, ვყიდიდით ბილეთებსაც. დღეს ყველაფერი მდორედ მიდის, სეზონზე შედარებით გაუმჯობესდება, თუმცა, მგონია, რომ ეს სეზონი ვერ დაფარავს იმ ხარჯებს რაც არის. არაუშავს, მოვემზადებით შემდეგი წლისთის და შემდეგი სეზონისთვის,“ - აცხადებს ფერაძე.
შეგახსენებთ, Vanilla Sky Georgia ტურისტულ ბაზარზე 2008 წლიდანაა და მომხმარებელს ფარტო სპექტრის მქონე არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის, კომპანია ფლობს საკუთარ აეროდრომს ნატახტარში და ახორციელებს შიდა ფრენებს ავიაკომპანია AK Air-ის საშუალებით, აქვს ავიატაქსის სერვისი, ტურისტული კომპანია, კომპლექსი ვანილა,ასევე ფლობს სასტუმროს და რესტორანს.