ბიზნესი
23/02/2021

ვაქცინაცია, ეკონომიკის გაჯანსაღება უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი - სოსო ნიბლაძე

ქუთაისის ინდუსტრიულ ზონის (თიზ) ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას „ბიზნესპარტნიორთან" ეხმაურება და აცხადებს, რომ შექმნილ პოლიტიკურ არასტაბილიურობას, ეკონომიკაზე საკმაოდ მძიმე გავლენა ექნება.

ნიბლაძის ინფორმაციით, ქვეყანაში არეულობა კი ცუდი მესიჯი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის.

„ის ინვესტორები, რომლებიც ფიქრობენ ქვეყანაში ინვესტირებაზე, გარკვეულწილად ამას უყურებენ ნეგატიურად. სწორედ სტაბილიურობა სჭირდება იმ განცდას, რომელიც გადააწყვეტინებს ინვესტორს, რომ ქვეყნაში შემოვიდეს. როდესაც არეულობაა და გარემო არასტაბილურია, რა თქმა უნდა ეს კარგი არ არის. ვაქცინაცია ქვეყანაში პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამის შემდეგ კი ეკონომიკური რეფორმები და კიდევ უფრო წამახალისებელი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის ხელისუფლების მიერ, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს და შეღავათებს მისცემს კომპანიებს (ადგილობრივს, უცხოურს) რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ეკონომიკამ გაჯანსაღება.

ამის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე პოზიტიურზე ფიქრი. ამაზე უნდა იყოს მუშაობა ყოველწუთიერად და უნდა იყოს გათვლილი ნაბიჯები როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, რას ვაკეთებთ, უნდა ჩავუღრმავდეთ ბიზნესებს კიდევ უფრო მეტად რა სჭირდებათ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს,“ - აცხადებს ნიბლაძე.

როგორც ნიბლაძე განმარტავს, ეს ეხება განსაკუთრებით იმ ბიზნესს, ვინც ქმნის ქვეყანაში მატერიალურ დოვლათს, სამუშაო ადგილებს. ის ძირითადი ბიზნეს სექტორები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ე.წ დრაივერია, მჭიდრო კოორდინაციაში უნდა იყვნენ.

ქუთაისის ინდუსტრიულ ზონის (თიზ)  ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უნდა იყოს აქტიურად საუბარი იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, როგორ შეიძლება გაკეთდეს, რათა ჩქარა და სწრაფად მოხდეს მძიმე ეკონომიკური ფონის გამოსწორება.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავეს, რის შემდეგაც დაანონსებულია საპროტესტო აქცია კანცელარიასთან.