ვაკის "ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე მრავალპროფილური კომპლექსი 2022 წელს გაიხსნება
ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.
„ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ლეჩკომბინატი №1“–ში განუცხადეს, რომ ამჟამად ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
კონცეფციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა გამწვანებულ სივრცეს, ლანდშაფტურ-სარეკრიაციო დანიშნულებით. ტერიტორიის სიღრმეში, განთავსდება მრავალპროფილური საავადმყოფო.
ტერიტორიაზე მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება როგორც საავადმყოფოს, ასევე პარკისა და მუზეუმის ვიზიტორებს. ტერიტორიის მომიჯნავედ დაგეგმილია ბავშვთა სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობაც.
შეგახსენებთ, ვაკის "ლეჩკომბინატის“ შენობა კომპანია შპს „ლეჩკომბინატი №1“-მა (წარსულში შპს დილა 2010-ი) 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ობიექტის შესაძენად მაშინ ორი კომპანია — "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი" და შპს "დილა 2010" იბრძოდნენ, საბოლოოდ გამარჯვებულად კი "დილა 2010" დასახელდა. აუქციონზე ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასი 4,3 მლნ დოლარს შეადგენდა, კომპანიამ კი ის კონკურენციის პირობებში 7,3 მლნ დოლარად შეიძინა.
პროექტის მშენებლობა 2019 წელს მომხდარი ტრაგედიის გამო გარკვეული ვადით შეჩერებული იყო. მაშინ სამუშაოების დროს 2 მუშა გარდაიცვალა.