"ვაკის ხორცპროდუქტები" საფირმო მაღაზიების ქსელს აფართოებს
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ვაკის ხორცპროდუქტები“ საფირმო მაღაზიების ქსელს აფართოებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩხაიძემ განუცხადა, კომპანიამ 2021 წლის ბოლოს თბილისში დამატებით 2 მაღაზია გახსნა, მიმდინარე წლისთვის კი კიდევ რამდენიმეს დამატებას გეგმავს.
„ამ დროისთვის ვსწავლობთ ლოკაციებს, განვიხილავთ რეგიონებში გასვლასაც. პრიორიტეტული ქალაქებია ზუგდიდი, ქუთაისი და ბათუმი, თუმცა, დიდი ალბათობით წელს აქცენტს თბილისში განვითარებაზე გავაკეთებთ,“ - აცხადებს ჩხაიძე.
ამ დროისთვის კომპანია მხოლოდ თბილისში, 11 ობიექტითაა წარმოდგენილი და 75-მდე სახეობის ხორცპროდუქტს აწარმოებს.
ლევან ჩხაიძე რეალიზაციის მაჩვენებელზე და პანდემიის გავლენაზე ამბობს, რომ ამ დროისთვის არსებული შემოსავლები პანდემიამდელთან შედარებით შემცირებულია. მიზეზი კი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებაა.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ „ვაკის ხორცპროდუქტების“ ქარხანა მთლიანად გაანადგურა. დაიტბორა საწარმოს ტერიტორია, გაფუჭდა პროდუქციაც. ზარალის სავარაუდო ოდენობამ რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.
„ვაკის ხორცპროდუქტებმა" წარმოება სტიქიიდან დაახლოებით ერთ თვეში განაახლა. კომპანია პროდუქტს შეზღუდული რაოდენობით, ლილოში, „იოლის ქარხანაში" აწარმოებდა. 2019 წლიდან კი კომპანია პროდუქციას გლდანში მდებარე ახალ საწარმოში აწარმოებს.