ბიზნესი
21/07/2020

ვაკეში სტუდქალაქის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი მერიისგან ნებართვას ელის

ვაკეში, ძველი სტუდქალაქის  ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი თბილისის მერიისგან ნებართვის მიღებას ელოდება.

როგორც კომპანიის „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“ ხელმძღვანელი ივერი ჭალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე კომპანია მერიისგან დაბრუნებულ პროექტში ხარვეზების გამოსწორების ეტაპზეა.

მისი  განცხადებით, არ არის გამორიცხული არსებული პროექტის შეცვლაც. „ვმუშაობთ, ეს არის სამუშაო პროცესი და რისი შეცვლა გახდება საჭირო ეს მუშაობის დროს გახდება ცნობილი,“ - აღნიშნავს ჭალიძე.

მისივე ინფორმაციით, კომპლექსის მთავარი შეთავაზება ქალაქისადმი არის ჭავჭავაძის გამზირის არეალში, მიწის დონეზე უპრეცედენტოდ მცირე განაშენიანება, რაც  მიწის ნაკვეთის შენობით მხოლოდ 37%-ით ათვისებას გულისხმობს. დანარჩენი 63% (4600 კვ. მეტრი) თავისუფალია და დათმობილია საზოგადოებრივ სივრცეზე.

პროექტის მიხედვით, ეს საჯარო სივრცე ჭავჭავაძის გამზირიდან მიქელაძის ქუჩამდე მთელ ტერიტორიას მოიცავს და ის არა მარტო თავშეყრის ადგილისა და მომსახურების ობიექტების ერთობლიობას ქმნის, არამედ აჩენს აქტიურ საფეხმავლო კავშირს ჭავჭავაძის გამზირსა და მის ჩრდილოეთით განაშენიანებას შორის.

დამატებით დაგეგმილია საავტომობილო კავშირიც ჭავჭავაძის გამზირსა და მიქელაძის ქუჩებს შორის. კომპლექსს მოემსახურება მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც  შენობის ფუნქციების შესაბამისად გაიმიჯნება.

მაღლივი კოშკების გამაერთიანებელი მოცულობა ძირითადად დათმობილია კომერციულ და საოფისე დანიშნულების ფუნქციებზე. 

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს საცხოვრებელ,სასტუმრო, კომერციულ,საზოგადოებრივი თავშეყრის, გასართობ,სპორტულ-გამაჯანსაღებელ და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციებს.

 

 

Businesspartner