უსული: ერთგული მომხმარებლების რეკომენდაციით ახალ მომხმარებელთა რაოდენობა გაგვეზარდა
“არსებობენ მომხმარებლები, რომელთათვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია, ასევე დიდ პატივს სცემენ საქართველოში შექმნილ პროდუქციას,“ - ასე პასუხობს ქართული კოსმეტიკური ბრენდის „უსული“ ერთ-ერთი დამფუნებელი ხატია ლობჯანიძე „ბიზნესპარტნიორის“ კითხვას როგორ უწევს ქართული კოსმეტიკური ბრენდი იმპორტირებულს კონკურენციას.
მისი განცხადებით, კომპანიის ახალი მომხმარებლების რიცხვი ერთგული მომხმარებლების რეკომენდაციებით იზრდება, რაც „უსულისთვის“ უდიდესი სტიმულია.
ლობჯანიძე განმარტავს, რომ 5 თვის წინ დაფუძნებული ბრენდი უკვე დიდ ინტერესს იწვევს ქართველ მომხმარებელში.
“ვართ ორი დამფუძნებელი, ნანი კობახიძე და მე. ჩვენი ბებია თითქმის 50 წელია ამ საქმეს ემსახურება, შესაბამისად მას ამ წლების განმავლობაში მუდმივად ყავდა თავისი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი, რამაც მოგვცა ბიძგი ეს საქმე გაგვეგრძელებინა და შეგვექმნა კოსმეტიკური ბრენდი. ქართულ ბაზარზე ასე თვალსაჩინოდ სულ 5 თვის წინ გამოვჩნდით და უკვე დიდ ინტერესს ვიწვევთ, ეს ალბათ იმის მანიშნებელია, რომ ქართველმა მომხმარებელმა ჩვენი პროდუქცია მიიღო,“ - აცხადებს ხატია ლობჯანიძე.
ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია „უსული“ პანდემიის პირობებში დაფუძნდა. საუბარია, თავის მოვლის საშუალებებზე და სამკურნალო მალამოებზე.
მათ შორისაა, დღისა და ღამის დამატენიანებელი საცხი, თვალის საცხი, ტუჩის ბალმი, მალამო პრობლემური კანისათვის, სახის ნიღბები და კოსმეტიკური საპონი, მიცერალური წყალი, სახის და თმის სერუმი, ტანის დასაბანი გელი, ჰერპესის, დამწვრობის და ნაწოლების სამკურნალო მალამოები, ფიჭვისა და ნაძვის ფისაზე დამზადებული თმის ასაცლელი ცვილი.
პროდუქციის ღირებულება ამ ეტაპისთვის 5 ლარიდან - 50 ლარამდე მერყეობს, ინგრედიენტებიდან გამომდინარე. „უსული“ მომხმარებელს სასაჩუქრე - Usuli Beauty Box-საც სთავზობს, რომლის ღირებულებაც 32 ლარიდან იწყება და მომხმარებლის სურვილის მიხედვით კომპლექტდება.