ბიზნესი
28/03/2023

"უსული" ასორტიმენტს აფართოებს და პროდუქციის სასტუმროებში შეტანას გეგმავს

ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია „უსული“ რაჭაში არსებულ სასტუმროებში საკუთარი პროდუქციის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ხატია ლობჯანიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სასტუმროების  მომარაგება კომპანიის მიერ წარმოებული  შამპუნით, ტანის გელითა და საპნებით ზაფხულიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ „უსული“ მომხმარებელს წელს ახალ პროდუქციასაც შესთავაზებს. საუბარია, სურნელოვან სანთლებსა და  ჩაიზე.

„ვინაიდან მცენარეებისგან ვამზადებთ ჩვენს ნაწარმს,  ვაპირებთ  დავამზადოთ სურნელოვანი სანთლები და ასევე  სხვადასხვა მცენარეებისგან ჩაი გავაკეთოთ.  ამასთან ერთად გვინდა ჩვენი საფირმო ჩაი ვაწარმოოთ, რომელიც რამდენიმე მცენარის კოლაბორაცია იქნება,“ -აღნიშნავს ლობჟანიძე.

 როგორც „უსულის“ თანადამფუძნებელი აცხადებს, კომპანია ჩაისა და სანთლების ინგრედიენტების ფორმულირების შემუშავების პროცესშია და პროდუქციას მომხმარებელს მაისის ბოლოდან შესთავაზებს.

 კომპანია ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ონლაინ ახორციელებს, თუმცა, აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში. ლობჟანიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ფასების მცირედით მომატება მოუწიათ, რაც ნედლეულის გაძვირებით იყო გამოწვეული.

შეგახსენებთ, ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია „უსული“ პანდემიის პირობებში დაფუძნდა. საუბარია, თავის მოვლის საშუალებებზე და სამკურნალო მალამოებზე.

მათ შორისაა,   დღისა და ღამის დამატენიანებელი საცხი, თვალის საცხი, ტუჩის ბალმი, მალამო პრობლემური კანისათვის, სახის ნიღბები და კოსმეტიკური საპონი, მიცერალური წყალი, სახის და თმის სერუმი, ტანის დასაბანი გელი, ჰერპესის, დამწვრობის და ნაწოლების სამკურნალო მალამოები, ფიჭვისა და ნაძვის ფისაზე დამზადებული თმის ასაცლელი ცვილი.

პროდუქციის ღირებულება ამ ეტაპისთვის 5 ლარიდან - 50 ლარამდე მერყეობს (ინგრედიენტებიდან გამომდინარე).

 

 

Businesspartner