USAID ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ცდილობს ელკომერციის კანონის მიღება დააჩქაროს
ელკომერციის სექტორი კანონმდებლობის დახვეწის მოლოდინშია.
როგორც USAID-ის ეკონომიკური ოფისის უფროსმა მრჩეველმა დავით წიკლაურმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, ელექტრონული კომერციის ასოციაცია სექტორის განვითარებისთვის აკადემიის ჩამოყალიბებას გეგმავს, ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში კი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იგეგმება ელკომერციაზე კანონმდებლობის წინ წაწევა.
"პროცესი დაწყებულია, მაგრამ დრო სჭირდება. გვინდა ბიზნესებს დავანახოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდში დგომა. ჩვენი ეკონომიკა და სექტორები იმდენად პატარაა, რომ ერთობლივი თანამშრომლობა გადამწყვეტია მომავლისთვის და სხვა ბაზრებზე ერთად ყოფნის კუთხით," - ამბობს დავით წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ კანონზე მუშაობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. USAID-ის პროექტმა "მმართველობა განვითარებისთვის" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური დახმარება გაუწია, რომლის საშუალებით ელექტრონული კომერციის შესახებ ევროკავშირის დირექტივა (2000/31/EC) დამუშავდა. საქართველოს კანონის პროექტი "ელექტრონული კომერციის შესახებ" ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით მომზადდა.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, "ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის" მიღებით, საქართველოში ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა ამოქმედდება. ელექტრონული კომერციის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების დაცვის, მომსახურების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობისა და ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმების პრინციპები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება. ეს ყველაფერი საქართველოს ელექტრონული კომერციის პლატფორმას უფრო სანდოს გახდის და მის მიმართ მომხმარებლის ნდობას აამაღლებს. ეს ადგილობრივი ელექტრონული კომერციის საშუალებების განვითარებას და მათ უფრო აქტიურად გამოყენებას ხელს შეუწყობს