ბიზნესი
04/02/2021

უპირველესია, უხელფასო შვებულებაში გაშვებული თანამშრომლები დავიბრუნოთ - რესტორანი “ქვევრი“

რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე „ბიზნესპარტნიორთან“ 15 თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეში მუშაობის განახლებაზე მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ 15 თებერვლიდან რესტორნის გარე სივრცეს გახსნის. ამისთვის მზადება კი უკვე დაწყებულია.

„აქამდე რა პროტესტიც იყო, მიკვირდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს ასე მოხდებოდა, რომ გახსნა ეტაპობრივად მოხდებოდა. სავაჭრო ცენტრები 1 თებერვალს რომ გაიხსნა, იმის შემდეგ ჩემს თავსაც ვამზადებ, რომ  მალე გავიხსნებოდით. ასე იყო აჭარის შემთხვევაშიც. უბრალოდ, ჩვეულებრივი ამბავია - რასაც გინდა იგებ და რასაც გინდა არ იგებ. გასახსნელად ვემზადები. სწორად მიდიან ეტაპობრივად რომ ხსნიან, რადგან ისევ იმ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, დღეში ინფიცირების 5000 შემთხვევა რომ გვქონდა,“ - აცხადებს ბასლანძე.

რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ საწყის ეტაპზე კვების ობიექტებისთვის მხოლოდ გარე სივრცეებით მუშაობა ბიზნესის და თანამშრომლების შენარჩუნებისთვის იქნება, თუმცა, შექმნილ სიტუაციაში მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ბასლანძე აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ფინანსურ მოგებაზე საუბარი ზედმეტი იქნება.

„კაფეს მხოლოდ გარე სივრცით მუშაობა შეიძლება აწყობდეს და პლიუსშიც იყოს, მაგრამ რესტორნისთვის ეს მხოლოდ მომსახურე პერსონალისთვის სახელფასო ხარჯის ასანაზღაურებელი შემოსავალი იქნება. მიუხედავად ამისა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიტუაციაში, ბიზნესს რომ შეინარჩუნებ და უხელფასო შვებულებაში გაშვებულ თანამშრომელს დაიბრუნებ. ჩემთვის რომ სესხის სუბსიდირება არ ყოფილიყო, ალბათ აქამდე ბანკი წაიღებდა,“ - აცხადებს ლაშა ბასლანძე.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დახურულია რესტორნები და კვების სხვადასხვა ობიექტები. არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი და ა.შ.