ბიზნესი
17/07/2023

"უნივერსიტეტიდან მოსულ კადრს, ფაქტობრივად ყველაფერი ხელახლა აქვს სასწავლი"

„კადრი, რომელიც უნივერსიტეტიდან მოდის, ფაქტობრივად ყველაფერი ხელახლა უნდა  ისწავლოს,“- ამის შესახებ არქტიტექტურულ-საპროექტო კომპანია „არქიდეას“ გენერალური დირექტორი გიორგი ქევანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს. 

როგორც ქევანიშვილი აღნიშნავს, ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, კომპანიაში სამუშაოდ ამბიციური ახალგაზრდები მიდიან, რომლებსაც გამოცდილება და პროფესიონალზმი ნაკლებად აქვთ. შესაბამისად,  სექტორში კვალიფიციური კადრის მოძიება პრობლემურია და კომპანიას მათი გადამზადება უწევს.

„კადრის დასატრენინგებლად და გადასამზადებლად, მინიმუმ 1 წელია საჭირო, რათა პროექტირების ყველა არსებულ სტანდარტს მოერგოს. დღევანდელი პროექტირება და ევროპული სტანდარტები არქიტექტურული ნახაზების კუთხით, სულ სხვა მოთხოვნებს აწესებს. „ -აცხადებს ქევანიშვილი.

მისი ინფორმაციით, კადრების სტაჟირების პროცესი ანაზღაურებადია, სადაც ისინი სამუშაო ჯგუფთან, მუშაობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული. გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ კი საუკეთესო კადრები სამუშაო ჯგუფში რჩებიან.

 ის კონტიგენტი , რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვს, „არქიდეას“ გენერალური დირექტორის ცნობით, საკმაოდ მაღალანაზღაურებადია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ პერიოდში კომპანიაში 25 თანამშრომელი იყო დასაქმებული, თუმცა მათი რაოდენობა ამ ეტაპზე 15 თანამშრომლამდეა შემცირებული.

სამომავლოდ  არქტიტექტურულ-საპროექტო კომპანია „არქიდეა“ კვლავ გაფართოებას გეგმავს.

რაც შეეხება კვალიფიციური კადრების გადინების საკითხს, ქევანიშვილი აღნიშნავს, რომ ევროპა არქიტექტორების დეფიციტს არ უჩივის, შესაბამისად, იქ ამ პროფესიით დასაქმება იშვიათი გამონაკლისია.

ცნობისთვის, არქტიტექტურულ-საპროექტო კომპანია „არქიდეა“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს.

Businesspartner