ბიზნესი
02/06/2021

"უმპა-ლუმპა": მერიის სუბსიდიით, იჯარის თანხას მაინც გადავიხდით

საბავშვო გასართობი ცენტრი უმპა-ლუმპას“ დამფუძნებელი ნინო ღვალაძე „ბიზნესპარტნიორთან“ თბილისის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ საბავშვო გასართობი ცენტრების სუბსიდირება დიდი შეღავათია, პანდემიის შედეგად დაზარალებული ბიზნესისთვის.

როგორც ღვალაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი მუშაობს, აქტივობა ისეთი არ არის, რომ კომპანიამ თავისუფლად არსებობა შეძლოს.

„არ არის იმდენი შემოსავალი, რომ იჯარის თანხა გადავიხადოთ. არ არის ისეთი მუშაობა, რაც იყო. ცოტა ბავშვი მოჰყავთ, ეშინიათ, რეკავენ, ჯავშნიან, თუმცა შემდეგ მათი ნაწილი უარს ამბობს და ჯავშნებს  აუქმებს. პანდემიამდელი აქტივობის მესამედიც კი არ არის. შექმნილ სიტუაციაში, მერიის ეს სუბსიდია რაღაცაში დაგვეხმარება, იჯარის თანხას მაინც გადავიხდით,“ - აცხადებს ღვალაძე.

მისი ინფორმაციით, ცენტრმა სრული სერვისის შეთავაზებით და რეგულაციების დაცვით მუშაობა 1-ელი აპრილიდან განაახლა. ამჟამად, საბავშვო-გასართობ ცენტრ „უმპა-ლუმპას“ თბილისის მასშტაბით 3 ფილიალი აქვს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და გაიცემა 350 000 ლარამდე სუბსიდია. მისივე თქმით, განაცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და გაგრძელდება 10 ივნისამდე.