ბიზნესი
30/04/2021

უქმეებზე სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს დამატებითი შეზღუდვა არ შეეხება

გამოცხადებული უქმე დღეების განმავლობაში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საფლავებზე გასვლას შეეხება.

“სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე,” - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შემოღებული იქნება ქვეყანაში, დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს მთავრობა, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზით იქნება განპირობებული.

გიორგი ღიბრაძის თქმით, ვაქცინაციის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას, ნაადრევია კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი, თუმცა საკოორდინაციო საბჭო განიხილავს, რომელი მიმართულებით შეიძლება შემსუბუქდეს რეგულაციები იმ პირებისთვის, ვინც, საბოლოო ჯამში, იქნება სრული კურსით ვაქცინირებული, ანუ ვაქცინის 2 ეტაპი ექნება გავლილი.