UG ბაღი: სამუშაო საათები თუ თანმიმდევრულად შეიცვლება, ბავშვებისთვის იდეალური იქნება
საქართველოს უნივერსიტეტთან (UG) და საქართველოს უნივერსიტეტის სკოლასთან (UG სკოლა) არსებული UG ბაღის დირექტორი ელა მაზმანოვა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ამ რეჟიმზე ყველა დამსაქმებელი გადავა, იქნება ეს საჯარო თუ კერძო და პროცესი თანმიმდევრული იქნება.
“08:30 საათიდან 18:30 საათამდე ბაღი იმიტომ გვაქვს, რომ მშობლებმა სამსახურში წასვლამდე ბავშვების მოყვანა მოასწრონ და პირიქით, გამოყვანა. თუ ყველა გადავა ამ რეჟიმზე პრობლემა არ იქნება, ჩვენი ბაღიც ახალ განრიგს შეიმუშავებს, მოვერგებით სიტუაციას, ეს პრობლემა არ არის. თანახმა ვარ, ბავშვებისთვის ეს იდეალურია, რადგან ისინი გარკვეული პერიოდი მშობლებთან უნდა იყვნენ და მათთან მეტი დრო გაატარონ. ეს რეჟიმი მაშინ გაამართლებს, თუ ყველაზე გავრცელდება, სხვანაირად ამის გაკეთება არარეალური იქნება,“ - აცხადებს მაზმანოვა.
შეგახსენებთ, რესტორატორთა ასოციაცია“ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივით გამოდის. როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპარტნიორის“ დილის გადაცემაში განაცხადა, კარგი იქნება თუ საჯარო და კერძო სექტორი სამუშაო დღეს 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. ბურჯანაძის მოსაზრებით, აღნიშნული გაზრდის ადამიანებში ბედნიერების ინდექსს და უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.
ინიციატივას იზიარებს ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილიც. ის ამბობს, რომ კარგია, თუ საჯარო სექტორი მუშაობას 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესმენის აზრით, ამას ბიზნესი ინდივიდუალურად მოერგება.