ბიზნესი
13/01/2021

UG ბაღი: კერძო ბაღების თებერვალში გახსნის დაპირება მივიღეთ

UG ბაღის დირექტორი ელა მაზმანოვა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 2020 წლის ბოლოს, ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღო დაპირება, რომ კერძო ბაღებს 2021 წლის თებერვალში გახსნის საშუალება მიეცემათ.

„ეკონომიკის მინისტრი, 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში დაგვპირდა, რომ თებერვალში გაგვმიჯნავენ სახელმწიფო ბაღებისგან და მუშაობის უფლებას მოგვცემენ. რამდენად ეს შესრულებადია, არ ვიცი. ეს გადაწყვეტილება მაშინ იმით აიხსნა, რომ კერძო ბაღებს ჯგუფში უფრო მცირე რაოდენობის ბავში გვყვავს, ვიდრე საჯარო ბაღებს,“ - აცხადებს მაზმანოვა.

მაზმანოვას განცხადებით, კერძო ბაღების სეგმენტი ძალიან დაზარალდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობენ, მაინც იხდიან ქონების გადასახადს, სესხზე არანაირი შეღავათი არ არის.

„ბაღი თითქმის ერთი წელია დახურული და შემოსავლის გარეშეა.  გასული წლის აპრილ-მაისში მოვახერხეთ ხელფასების გაცემა, მერე კი თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გავუშვით,“ - აცხადებს მაზმანოვა.