ბიზნესი
25/03/2021

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები წარმოების განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებზე საუბრობენ

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები წარმოების განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებზე საუბრობენ.

დაბეგვრის რეჟიმები და მარკირების საკითხები პრობლემების არასრული ჩამონათვალია. კომპანიის წარმომადგენლებმა საკითხებზე რა უშლის ხელს ქვეყანაში უალკოჰოლო სასმელების წარმოების კიდევ უფრო განვითარებას, ადგილობრივი წარმოების წახალისებას, ახალი ბაზრების ათვისებას, აგრარულ საკითხთა კომიტეტში შეხვედრაზე ისაუბრეს.

განიხილეს ასევე ექსპორტ-იმპორტის, საწარმოო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობები.

„ეს კომპანიები, ფაქტობრივად, ერთ-ერთი უმსხვილესი აქტორები არიან როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში, ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებაში, ამიტომ მათი მოსაზრებები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. საინტერესო იყო ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც ამ სფეროში არსებობს და რომელზეც რეაგირებას მოკლე ვადაში ელიან, ვინაიდან მათი გადაუჭრელობა მნიშვნელოვნად უშლის ხელს მათი საწარმოო და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. ამიტომ, ჩვენც ასევე სწრაფ რეაგირებას მოვახდენთ იმისთვის, რომ დროულად უპასუხოს სახელმწიფომ მსგავსი დიდი რესურსის მქონე წარმოებების და დიდი ბიზნეს-აქტორების საჭიროებებს. ასევე იქნა განხილული მცირე მწარმოებლების პრობლემები, რომელთა მიმართებაშიც ასევე აუცილებლად გვექნება სათანადო რეაქცია“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.