თვალის წვეთებისა და კალცის აბების წარმოება - ქარხნის მშენებლობა სამეგრელოში დაიწყო
კომპანიამ Group Anaklia სამეგრელოში მინი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. პროექტი გულისხმობს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში დაახლოებით, 500 000 დოლარის ინვესტიციის განხორციელებას.
კომპანიის რეგიონული მენეჯერი ირაკლი წიფურია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აღნიშნულ ქარხანაში იგეგმება კოსმეტიკური საშუალებების, თვალის წვეთების და ბუნებრივი კალცის აბების წარმოება, რომელიც საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე, შემდეგ კი ექსპორტზეც გაიყიდება.
„ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რამდენიმე ქართულ სამშენებლო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება დასრულებას, თუ ყველაფერი კარგად იქნა და ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნა ქვეყანაში, ქარხანა ექსპლუატაში წელიწადნახევარში შევა,“-აცხადებს წიფურია.
კომპანია ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში მდებარე ქარხანაში სამკურნალო წყალ „ლუგელას“ აწარმოებს.
Group Anaklia-მ საქართველოში ბიზნესპროექტების შესახებ 2016 წელს დააანონსა. მაშინ ჯგუფის პრეზიდენტი გელანი ხალუკაევი აცხადებდა, რომ მისი კომპანიის საქმიანობა დაკავშირებულია აგრარულ პროდუქტებთან, მინერალური წყლის ჩამოსხმასთან და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებასთან, რომელიც ნატურალურ ინგრედიეტებზეა დაფუძნებული.
ხალუკაევი აცხადებდა, რომ კალციუმი ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ლუგელას კომპონენტების გამოყენებით კი Group Anaklia დიდი რაოდენობით ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციის გამოშვებას გეგმავდა.