თურნავა სავალდებულო ვაქცინაციაზე: იძულების ზომებს არ განვიხილავთ
მთავრობა აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მართალია, თავად სახელმწიფო ე.წ ირიბი იძულების ფორმებს არ გამოიყენებს, თუმცა მიესალმება, თუ კერძო სექტორი ამას თავად გააკეთებს.
"ზოგმა ქვეყანამ ე.წ ირიბი იძულების მეთოდები შემოიღო. რესტორნებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებში აუცრელი ადამიანები ვეღარ შედიან. თუმცა, ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, 60-70%. შესაბამისად, ეს შედარებით უმტკივნეულოდ ხდება ასეთ ქვეყნებში. ჩვენ ჯერჯერობით იძულების ზომებს არ განვიხილავთ. თუმცა, მივესალმები ცალკეული ბიზნესების ინიციატივებს, რომ გახდნენ ე.წ მწვანე სტატუსის მატარებელი და თავისი გადაწყვეტილება მიიღონ. მათ აქვთ უფლება, რომ რეგულაციები თავიანთ ობიექტებზე დააწესონ. ჯერჯერობით ჩვენ არ განვიხილავთ",- განაცხადა თურნავამ.