ბიზნესი
21/10/2021

ცვლილებები შრომის ბაზარზე - რას მოგვიტანს 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა

კომპანია Ginventor-ის ინიციატივას, რომელიც სამუშაო კვირის 4 დღემდე შემცირებას გულიხსმობს, აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადგილობრივი შრომის ბაზარზე გლობალიზაცია შემოვიდა და ცვლილებებიც აუცილებელია.

დამსაქმებელთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ყველა სექტორი მარტივად ვერა, მაგრამ შემცირებულ სამუშაო კვირაზე გადასვლა გარკვეულ სფეროებს ეტაპობრივად შეუძლიათ.

“კვლევებმა ცხადყო, რომ სამუშაო დღეების შემცირება ეკონომიკაზეც დადებითად აისახა. ბევრმა დასაქმებულმა და ზოგადად საზოგადოებამ თავისუფალი დრო სავაჭრო აქტივობაში გამოიყენა,” - აცხადებს ლაშა ლაბაძე, დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა რესურსების მოფრთხილებას და გარემოზე ზრუნვას ითვალისწინებს. ასევე, არსებობს მესამე ასპექტი-ტალანტების ბაზარი და კონკურენტული უპირატესობა.

“დარწმუნებული ვარ, ყველა ორგანიზაციას, რომელიც ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავა, უპირატესობა ექნება და ყურადღებას მიიპყრობს დასაქმების ბაზარზე, როგორც განსხვავებული სამუშაო გრაფიკის მქონე კომპანია. ძალიან მძაფრი კონკურენციაა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე შემოვიდა გლობალიზაცია და ბევრი რაღაცების შეცვლა საჭიროა,” - განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" მედეა ტაბატაძემ, საკონსულტაციო კომპანია “ინსორსის” მენეჯერმა.

სფეროს წარმომადგენლები თვლიან, რომ ცდისა და ექსპერიმენტების გზით სიახლეების მოსინჯვა და შედეგებზე დაკვირვება მისასალმებელია, მანამდე კი სანამ პრაქტიკის სხვა მაგალითები გამოჩნდება, ქარხანაში მუშაობას სწორედ ამ ინოვაციური მიდგომებით გეგმავენ.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი გრაფიკით მუშაობისას 40%-ით გაზრდილია მოტივაცია და პროდუქტიულობა.

შეგახსენებთ, რომ Ginventor-ი თავის ერთ-ერთ პროექტში, "ტენეს" ქარხანა, თანამშრომლებისთვის სამუშაო კვირის მოცულობას 4 დღემდე ამცირებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს იდეა ფუნდამენტური ღირებულებიდან მოდის, რასაც კმაყოფილი თანამშრომელი ქვია.